ესტონეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს
ესტონეთში პოლიციამ დააკავა ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი და რუსეთის მოქალაქე ვიაჩისლავ მოროზოვი. მას ბრალად რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობა ედება.
პოლიციამ ინფორმაცია დღეს, 16 იანვარს გაავრცელა. თუმცა, მოროზოვი 3 იანვარს არის დაკავებული.
ესტონეთის თავდაცვის პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, მარგო ჰალოსონმა თქვა, რომ „აგრესორი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი ესტონეთის მიმართ კვლავ მაღალია”.
„ეს საქმე და მანამდე კიდევ 20 მსგავსი შემთხვევა აჩვენებს რუსეთის სპეცსამსახურების სურვილს, შეაღწიონ ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – სამეცნიერო სექტორში”. – განაცხადა მან.
ესტონეთის პროკურატურამ სასამართლოს ვიაჩისლავ მოროზოვისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. უწყება მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოროზოვი გააგრძელებს ჯაშუშურ საქმიანობას და შესაძლოა, თავი აარიდოს სისხლის სამართლის საქმეს.
სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოროზოვს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
საქმის გამოძების სხვა დეტალები უცნობია.
ტარტუს უნივერსიტეტმა ვიაჩისლავ მოროზოვთან თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა. მანამდე, 2016 წლიდან 2023-ის ჩათვლით ის იყო ევროკავშირ-რუსეთის საკითხების პროფესორი. 2023 წლის სექტემბრიდან 11 იანვრამდე ის იყო საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.