ივანიშვილს ეშინია გახარიასი და მისი გუნდის – ქემოკლიძე
პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ, “საპატიო თავმჯდომარის” სტატუსით დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ექსპრემიერ გიორგი გახარიასი. ამის მიზეზად ქემოკლიძე ასახელებს იმას, რომ “საქართველოსთვის” გუნდი, რომელიც მეტწილად სწორედ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, კარგად იცნობს მმართველ პარტიას.
“ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის “საქართველოსთვის”, ბატონი გახარიასი და მთლიანად მისი გუნდის. მარტივი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ჩვენ ვიცით მათი აზროვნების დიაპაზონი, მათი სამოქმედო გეგმები, ე.წ. modus operandi [მოქმედების ხერხები], მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გამოვიყენებთ მათ საწინააღმდეგოდ ამ არჩევნებზე”, – განაცხადა ქემოკლიძემ TV პირველის ეთერში.
ჟურნალისტმა კითხვა, ეშინია თუ არა ივანიშვილს გახარიასი, მას შემდეგ დაუსვა, რაც ეს მოსაზრება ეთერში დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გაახმიანა.
პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა ისაუბრა პარტიის ამოცანებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მისი თქმით, #1 ამოცანაა, პარტიამ დააფიქსიროს შედეგი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ერთპარტიულ მმართველობას დააკარგვინებს. მეორე და სტრატეგიულ ამოცანად, ქემოკლიძე ასახელებს ექსპრემიერის პარტიის დომინაციას ქართულ პოლიტიკურ ველზე. მისი შეფასებით, ორივე ამ ამოცანის მიღწევა პარტიას შეუძლია.
ქემოკლიძემ ისაუბრა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის. მისი შეფასებით, სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა საქართველო იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გახსნა – ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.