Jump to content
Planeta.Ge

ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს


მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.

„ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა მანიჟაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომ განაჩენის შემდეგ ოჯახი ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...