ამაზონის ჯუნგლებში 2500 წლის წინანდელი ქალაქები აღმოაჩინეს
ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით, ტროპიკული ტყეების ეკვადორის ნაწილში თიხის ბორცვებისა და დამარხული გზების ქსელი გამოავლინეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამაზონის ჯუნგლებქვეშ, ამ დაკარგულ ქალაქებში, 2000-ზე მეტი წლის, წინ სულ მცირე 10 000 ადამიანი ცხოვრობდა.
ეს თიხის ბორცვები და დამარხული გზები ეკვადორში დაახლოებით 30 წლის წინ პირველად შეუმჩნევია საფრანგეთში კვლევების ეროვნული სააგენტოს არქეოლოგ სტივენ როსტეინს, რომელიც მაშინ ორ დასახლებაში აწარმოებდა გათხრებს.
“მაგრამ მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული. არ გვქონდა სრული წარმოდგენა მთელ რეგიონზე”, – ამბობს როსტეინი.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კვლევები 2015 წელს განახლდა და ჟურნალ Science-ში 11 იანვარს გამოქვეყნდა ინფორმაცია ახალი აღმოჩენების შესახებ.
ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიით მიღებულ გამოსახულებებზე ჩანს, რომ ეს ტერიტორია ერთმანეთთან დაკავშირებული დასახლებებითა და მათ შორის გზებით არის დაქსელილი, რაც დროთა განმავლობაში ტყემ დაფარა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ტერიტორიაზე უპანოს ხალხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის 300-600 წლებამდე ცხოვრობდა, რომის იმპერიის დროს.
აღმოჩენილი გზები 10 მეტრის სიგანისა და 20 კილომეტრამდე სიგრძისაა. 6000-ზე მეტ თიხის ბორცვზე საცხოვრებელი და საზეიმო დანიშნულების ნაგებობებია აღმართული. ბორცვებს გარშემო არტყია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინდვრები სადრენაჟო არხებით.
კვლევას ეხმაურებიან არქეოლოგები, რომკებსაც პირადად მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასეთია ხოსე ირიარტე, ინგლისში ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგი.
“ამაზონს ხშირად თვლიან ხელუხლებელ ველურ ბუნებად, სადაც ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფებს უცხოვრიათ. მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენები გვაჩვენებს, სინამდვილეში რამდენად კომპლექსურია ჩვენი წარსული ”, – ამბობს არქეოლოგი.
უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა არაერთი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რითაც ჩანს, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეებში საზოგადოებები მანამდე ცხოვრობდნენ, სანამ იქ ევროპელი კოლონიზატორები ჩააღწევდნენ, მათ შორის ბოლივიისა და ბრაზილიის ტერიტორიებზე. ეს ადამიანები არც მხოლოდ მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, როგორც ეს ბევრს სჯეროდა.
“ამაზონის ტერიტორიაზე ყოველთვის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ადამიანები სახლობდნენ. მათ შესახებ მხოლოდ ახლა ვიგებთ”, – ამბობს არქეოლოგი როსტეინი და იხსენებს, რომ კვლევების წარმოებისას ყველა მომდევნო დღე შობას ჰგავდა, რომელიც მეცნიერებს ახალ საჩუქარს უგზავნიდა.
მეცნიერებმა უპანოს ხეობაში სულ 5 დიდი და 10 მომცრო დასახლება აღმოაჩინეს. ეს დასახლებები დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა განფენილი.
“ეს ურბანიზმია”, – ამბობს კვლევის მონაწილე ერთ-ერთი არქეოლოგი ეკვადორიდან და ამატებს, რომ ეს ახალი აღმოჩენები, სავარაუდოდ, მხოლოდ აისბერგის წვერია.
ლიდარი, ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ტყის საფარქვეშ უძველესი ქალაქები დაენახათ, სრულიად ცვლის მეცნიერთა წარმოდგენას ამაზონზე. “რევოლუციურად ატრიალებს ჩვენს ცოდნას კოლუმბამდელი ამაზონის შესახებ”, – ამბობს კარლა ჯეიმს ბეტანკური, ბონის უნივერსიტეტის არქეოლოგი.
მთავარ ფოტოზე: ლიდარის ტექნოლოგიით მიღებული გამოსახულება ადგილისა, სადაც ქალაქები აღმოაჩინეს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.