Jump to content
Planeta.Ge

Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას - ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა, პოლიტიკაში დომინირებდა დაძაბულობა


საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავ შენარჩუნებული იყო ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლებაზე შეზღუდვებსა და თავდასხმებს, არასამართლიან შრომით პირობები. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch -ი აცხადებს, რომ ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იმ პირობით, რომ ის განახორციელებს შემდგომ რეფორმებს.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს.

„თებერვალში, მმართველი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციამ წამოიწყო საკამათო კანონპროექტის ორი ვერსია: ერთი, რომელიც მოითხოვდა, რომ არასამთავრობო ჯგუფები და მედიასაშუალებები, რომლებიც იღებენ თავიანთი წლიური შემოსავლის 20 პროცენტს ან მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“. მეორე კი მსგავს მოთხოვნებს უწესებდა ინდივიდუალურ პირებს.

კანონპროექტებს ფართო კრიტიკა მოჰყვა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და სხვათა მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებდა, რომ კანონპროექტების მიზანი დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა იყო, მათი საჯარო განცხადებები იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ აპირებდნენ დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციასა და დასჯას.

საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო ერთ-ერთი კანონპროექტი. ორდღიანი მასიური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკან გაიწვია იმ მოტივით, რომ ვერ შეძლეს კანონპროექტი საზოგადოებისთვის განემარტათ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთავრობის მტრული რიტორიკა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა საკითხებში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებების შელახვის სისტემატური ძალისხმევის შესახებ.

„სექტემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სავარაუდო „გადატრიალებაზე“, რომლის მიზანი აქტივისტების გადაბირება, სამოქალაქო არეულობის გაღვივება და საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო. ამერიკის საელჩომ კატეგორიულად უარყო ბრალდება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დაკითხეს ათიოდე აქტივისტი, ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტებზე, რათა აღეკვეთათ მათ მიერ საქმის საჯაროდ განხილვისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...