Jump to content
Planeta.Ge

ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე - ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ლაბორანტი


10 იანვარს ოთახის მცენარეების დაფასების დღე აღინიშნება. ვინაიდან შობა-ახალი წლის პერიოდში ყველას ყურადღება ნაძვისხეებისკენ არის მიბყრობილი, ოთახის მცენარეების დაფასების დღის დაწესება სწორედ  ამ ფაქტს უკავშირდება და გვახსენებს, რომ ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარდა, არსებობენ ოთახის მწვანე ბინადრებიც, რომელთაც ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ.

 

ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ლაბორანტი.

 

- ოთახის მცენარეები და ყვავილები არა მარტო ჩვენს ინტერიერს და გარემოს ალამაზებს, არამედ სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჰაერს გვისუფთავებს. გარდა ამისა, ოთახის მცენარეები ძალიან კარგად მოქმედებს როგორც ჩვენს, ისე ბავშვების ფსიქიკაზე, მათ განვითარებასა და გუნება-განწყობის ამაღლებაზე.

 

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროექტები გვაქვს. მოქმედებს ეკოგანათლების მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან სკოლის ბავშვები მოდიან, ეცნობიან მცენარეებს, მათ თვისებებს, მნიშვნელობას; სწავლობენ, როგორ დარგონ ნერგები თუ ყვავილები, როგორ მოუარონ, როგორ გაახარონ. ამ ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ხელებით, რაც ძალიან ახარებთ და სასიამოვნოდ ამახსოვრდებათ.

 

ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, სახლში ისეთი მცენარეეები იქონიონ, განსაკუთრებული და ყოველდღიური მოვლა რომ არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ბევრი მცენარეა, რომელსაც ნაკლები მოვლა სჭირდება და მეტი სარგებლობა მოაქვს პატრონისთის, რადგან უფრო მეტად ფილტრავს ჰაერს, ვიდრე სხვა მცენარეები. ასეთია, მაგალითად: კაქტუსი, სანსევიერა, სუკულენტი. ეს ყვავილები ჩვენგან ნაკლებ ყურადღებას მოითხოვენ, მაგრამ ამავე დროს, კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათი მაინც სწვდებოდეთ მზე. ისინი ჩვენგან მეტად მზიან გარემოს მოითხოვენ, რათა კარგად განვითარდნენ და ჯანსაღი იერი ჰქონდეთ.  

 

რაც შეეხება სანსევიერას, ის კიდევ უფრო მარტივი მოსავლელია, რადგან იშვიათად მოითხოვს მორწყვას და კარგად იტანს ჩრდილს. შეგვიძლია დავდგათ ოთახის ისეთ ნაწილში, სადაც განათება და მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. მთავარია, ტოტები ხშირად გავუწმინდოთ მტვრისგან. ასევე, მარტივი მოსავლელია სპატიფილიუმი, რომელსაც ქალთა ფედნიერებასაც ეძახიან, თუმცა მას მეტი მორწყვა სჭირდება, ვიდრე სანსევიერას.

 

რაც შეეხება ოთახის მცენარეების მორწყვას, ზამთრის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ მცენარეებისთვის ზედმეტი წყლის მიწოდებისგან, რადგან ზამთარში ჩვენი მცენარეები მოსვენების სტადიაში გადადიან, ისევე როგორც ღია გრუნტის მცენარეები. ამიტომ ეს ხაზგასმით მინდა ვუთხრა მცენარეების მოყვარულებს, მოსვენების პერიოდში ნაკლებად უნდა მორწყან თავიანთი ოთახის ბინადრები, ასევე ზამთრის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ მინერალების და სასუქების მიწოდებისგან, თუ რა თქმა უნდა, მცენარეს პრობლემა არ აქვს.  ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ოთახებში არსებული გათბობის გამო, ჰაერი შრება, რაც ბევრ მცენარეს პრობლემას უქმნის. სუკულენტებს და კაქტუსებს პირიქით, მშრალი ჰაერი მოსწონთ, მაგრამ ფიკუსებს, პალმებს, სხვა მსგავს მცენარეებს უჭირთ და მოიწყენენ ხოლმე. ამიტომ, თუ ჩვენს ბინაში ცხელა და ჰაერი ზედმეტად გამომშრალია, სასურველია, მცენარეებს ფოთლები დავუნამოთ. ასევე, პერიოდულად აუცილებელია მათი ფოთლების გაწმენდა, რადგან ჟანგბადს ამ ფოთლების საშუალებით გამოყოფენ და როდესაც მტვერი ედებათ, ჟანგბადის გამოყოფა ფერხდება.

 

- მცენარის მოყვარულები როგორ უნდა მიხვდნენ, აკლია თუ არა ვიტამინები და მინერალები მათ ყვავილებს?

 

- მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ძირითადად  ფოთლების გაყვითლებით გამოიხატება. ასეთ დროს ზოგ მცენარეს ფოთოლზე მწვანე ხაზები სისხლძარღვებივით ეტყობა ხოლმე, გარშემო კი გაყვითლებულია. ასევე, როცა მცენარეს პრობლემა აქვს, მისი ფოთლები იწყებს ცვენას. ეს არის ის ძირითადი საგანგაშო ნიშნები, რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მივხვდეთ, რომ ჩვენს მცენარეს რაღაც აკლია და დახმარებას ითხოვს.

 

- ასეთი პრობლემების დროს სახლის პირობებში რა შეგვიძლია მივცეთ ჩვენს მცენარეებს?

 

- სახლის პირობებში ცოტა რთულია რაიმე რჩევის მიცემა, მაგრამ მათ სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად მაღაზიებში უკვე იმდენი საშუალება იყიდება, უმჯობესია ის სასუქები გამოვიყენოთ. არის გრძელვადიანი სასუქები, რომლითაც მცენარის მიწას ერთხელ რომ გავანოყიერებთ, 5-6 თვე დამატებას არ საჭიროებს.

 

ზედმეტი მონდომებითაც შეიძლება ვავნოთ ჩვენი ოთახის მცენარეებს და განსაკუთრებით თხევად სასუქებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად. მე ზოგადად, ყველას ვურჩევ ხოლმე, თუ თხევად სასუქს აწერია, რომ უნდა გავხსნათ ერთ ლიტრ წყალში, უმჯობესია გავხსნათ ლიტრნახევარ ან ორ ლიტრ წყალში, რადგან ამ სითხიდან მცენარის ფესვები უცებ იღებს სასუქს და თუ ის ძლიერია, ფესვთა სისტემა შეიძლება დაიწვას.

 

ყველაზე ხშირად, სწორედ ზედმეტი მონდომებისგან გაფუჭებული მცენარეები მხვდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც პატრონი იმაზე ხშირად რწყავს მას, ვიდრე საჭიროა.

ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თუ ყოველდღე დაუსხამს წყალს თავის ყვავილებს, უფრო უკეთესად გაიხარებს, უფრო მალე გაიზრდება, უფრო ლამაზი და ჯანსაღი იქნება, არადა ზედმეტი მორწყვა იწვევს ფესვთა სისტემის ლპობას და მცენარეც ხმება. ამიტომ ზომიერების დაცვა აუცილებელია, როგორც სასუქების მიცემის, ისე მორწყვის მხრივაც.

ვიდრე მცენარეს ქოთანში მიწა ბოლომდე არ გამოუშრება, წყალი არ უნდა დაუსხათ.

 

- მორწყვის მეთოდებსაც ხომ არა აქვს მნიშვნელობა, როგორ უნდა მოვრწყათ ოთახის მცენარე, წყალი ძირში ჩავუსხათ, ფოთლებს შევასხუროთ თუ როგორ არის უკეთესი?

 

- მორწყვის რამე განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს, თითოეული მცენარე ინდივიდუალურად ითხოვს წყლის მიწოდებას. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, რა მცენარე გვაქვს სახლში და როგორი უნდა იყოს მისი მოვლის წესები. მაგალითად, გვიმრებს სჭირდებათ, რომ მათი ნიადაგი შედარებით ნოტიო დარჩეს, ამიტომ მისი მიწა ბოლომდე არ უნდა გამოშრეს, მაგრამ თუ სუკულენტებს გავუკეთებთ იგივეს, ის აუცილებლად დაგვილპება.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებელია ვიცოდეთ, რა მცენარე გვაქვს სახლში და როგორ მოვუაროთ მას.

 

გარდა იმისა, რომ ოთახის მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ და ჰაერს ასუფთავებენ, მათ შორის არის ისეთები, რომელიც აზოტის დიოქსიდს შთანთქავს. ასეთი მცენარეა: გერანი, სანსევიერა, ოთახის იები, კაქსტუსი, ფიკუსი, ქლოროფიტუმი და ბევრი სხვა.

ასევე, იმ სასარგებლო თვისებების გარდა, რაც ჩამოვთვალეთ, ზოგიერთი მცენარის ქონა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, არსებობს დიფენბახია, რომელიც ძალიან ლამაზია და ნებისმიერ ინტერიერს საოცრად უხდება, მაგრამ მისი წვენი შეიცავს შხამს. ამიტომ თუ სახლში პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც შეიძლება მცენარეს მიწვდეს, მაშინ თავი უნდა შევიკავოთ დიფენბახიის შეძენისგან. ასევე, მისი ფოთლები შეიძლება ფრინველმა ან შინაურმა ცხოველმა ჩაღეჭოს, რაც სავალალო შედეგით დამთავრდება. ამიტომ ანალოგიური ჯგუფის მცენარეები სასურველია ისეთ ადგილას გვქონდეს, სადაც ბავშვები ვერ მიწვდებიან ან როცა სახლში ბავშვია, თავი შევიკავოთ მათი ყიდვისგან.

ირმა ბერიშვილი


საქართველოს რადიო, პიკის საათი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...