Jump to content
Planeta.Ge

ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად ხორციელდება.

გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ლელო საქართველოსთვის“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - “გირჩი“; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“; „კანონი და სამართალი“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პროგრესი და სამართალი“ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას აკმაყოფილებენ და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები ჰყავთ. აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას მხარდამჭერთა სიის ნიმუში გადაეცემა. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ელი აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...