ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან თავი რესპირაციული ვირუსებისგან და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან თავი რესპირაციული ვირუსებისგან და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვირუსის პროფილაქტიკისთვის სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება, სამედიცინო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება.
ამასთან, სპეციალისტის განმარტებით, თუ ბავშვს ან ხანდაზმულს ტემპერატურა 2 დღეზე მეტ ხანს გაუგრძელდება, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
„რესპირაციული ვირუსების აქტივაციის სეზონია, რადგან ზამთარია და ასე იქნება დაახლოებით აპრილის ბოლომდე სხვადასხვა ინტენსივობით. წამყვანი იქნება სამი რესპირაციული ვირუსი - გრიპი, RSV [რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი], კორონავირუსი. სხვადასხვა ეტაპზე მათი ხვედრითი წილი ცირკულაციაში სხვადასხვა იქნება. ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, ხან მესამე.
პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მთავარია ყურადღების მიქცევა, ბავშვებზე, ახალშობილებსა და ხანდაზმულებზე - ყველაზე მეტად მათ ერჩით [ვირუსი], რადგან მათი იმუნური სისტემა ძლიერი არაა. ამ სამი ვირუსიდან მხოლოდ ერთის საწინააღმდეგო აცრა გვაქვს. ეს არის გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია და საკმაოდ კარგია. დაინერგა უკვე ეს კულტურა - იცრება ყველა რისკ ჯგუფი. მოქალაქეებმა, სასურველია, მიმართონ ამცრელ კაბინეტებს და აქტიურად აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, არ არის კორონავირუსის, „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ, რეკომენდაცია რჩება საერთო - ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებები - ეს არის დახურული შენობების ხშირი განიავება, ხელების ხშირი დაბანა. თუ ბავშვს ან მოხუცს ტემპერატურის მატება აქვს და ეს ტემპერატურა 2 დღეზე მეტია 38-39 გრადუსის ფარგლებში, აუცილებელია კონტაქტი ოჯახის ექიმთან და მისი რეკომენდაციების მიხედვით დაავადების მართვა. ეს დაავადებები ძირითადად იმართება ამბულატორიულ დონეზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და სწორედ ექიმი წყვეტს, როდის უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. ამავე დროს, რეკომენდაციაა, რომ ამ დროს სამედიცინო დაწესებულებებში ყველამ გამოიყენოს ნიღაბი - თანამშრომელმა თუ მიმსვლელმა.
ასევე, ვიტყოდი, რომ ამ სეზონზე დიდი თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ ადამიანებმა გამოიყენონ ნიღაბი, რადგან, კორონავირუსის პანდემია დასრულებულადაა გამოცხადებული, მაგრამ კორონავირუსს ჯერჯერობით ვერ მოვსპობთ, ის ცირკულირებს და ისევ გარკვეული ტვირთი აქვს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.