პარლამენტში მედიის შემზღუდავ წესებს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესების” შესახებ.
კონკრეტულად, 2023 წლის თებერვლის ბრძანება, რომელიც აკრედიტებულ ჟურალისტებს პარლამეტში ქცევის წესებს უსაზღვრავს. მათ შორისაა ვალდებულება, რომ თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს და ა.შ.
GDI-მ გაასაჩივრა შალვა პაპუაშვილის ბრძანება პარლამენტში შესვლისა და ქცევის წესების გამკაცრების შესახებ. ამ წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტში 2023 წლის სექტემბრიდან მოქმედებს, პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე, მოქალაქეს ეკრძალება სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების – ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა, ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ასევე, ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე და ა.შ.
ორგანიზაცია დავობს შალვა პაპუაშვილის ამ ბრძანებების შეუსაბამობას კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს არეგულირებს.
GDI-ს შეფასებით, მოქალაქეთა ქცევის წესების შესახებ ბრძანება “გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში”. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პაპუაშვილის ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რეგულაცია ბოროტად გამოიყენოს იმ ჟურალისტების წინააღმდეგ, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას.
“ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე”, – ვკითხულობთ GDI- ს გაცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელები წარმოებაში 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მათ განიხილავს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მოსამართლეები ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მომხსენებელი – გიორგი კვერენჩხილაძე, ხოლო კოლეგიის თავმჯდომარე – ვასილ როინიშვილი.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.