“ევროპა რუსულ გაზს თავიდან იცილებს, საქართველო კი რუსულ გაზზე ჯდება - ესაა “გაზპრომის” ტაქტიკა”
“ევროპა რუსულ გაზს თავიდან იცილებს, საქართველო კი რუსულ გაზზე ჯდება. საგანგაშოდ იცვლება ქვეყანაში რუსული გაზის მოხმარების ტენდენცია” - რუსული გაზის საქართველოში მოხმარების სტატისტიკაზე, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თუ 2018 წელს გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის ხვედრითი წილი იყო მხოლოდ 1,7 პროცენტი, 2019 წელს იგი გახდა 6,3 პროცენტი , 2020 წელს 7,9 პროცენტი, 2021 წელს 15 პროცენტი, 2022 წელს 12 პროცენტი, ხოლო 2023 წლის თერთმეტი თვის მდგომარეობით, 19 პროცენტს მიაღწია. ესაა “გაზპრომის” ტაქტიკა, ბაზრის ხელში ჩაგდების მცოცავი პოლიტიკა.
ხელისუფლება ამ ფაქტს ხსნის აზერბაიჯანული გაზის უკმარისობით. აქაც იტყუებიან, როგორც ყოველთვის. აზერბაიჯანულმა გაზმა უკვე ევროპაშიც შეაღწია. 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიყიდა ევროპაში, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 12 მილიარდი კუბური მეტრი გახდება.
აზერბაიჯანი დღეისთვის გაზს აწვდის იტალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, უნგრეთს, მომავალ წელს კი სერბეთშიც შევა.
ნაცვლად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ტრადიციულად გაფორმებულიყო კონტრაქტები, გაზპრომის პოზიციებს ამყარებენ. ამის მიზეზი არის როგორც პოლიტიკური (ხელი გაუმართეს მოძმე კომპანიას), ასევე კორუფციული. ვიღაცა ხეირობს ხელისუფლებაში რუსული გაზის იმპორტისას, ქვეყნის უსაფრთხოება კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ“, - წერს რომან გოცირიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.