Jump to content
Planeta.Ge

ევროპული ქალაქები, სადაც საახალწლო ფეიერვერკი აიკრძალა - რა ალტერნატივას მიმართავენ მუნიციპალიტეტები


ევროპული ქალაქები, სადაც საახალწლო ფეიერვერკი აიკრძალა - რა ალტერნატივას მიმართავენ მუნიციპალიტეტები...
ჩეხეთის ქალაქ ვრხლაბის მერიამ გადაწყვიტა, ახალი წლის დღეებში ტრადიციული ფეიერვერკი აღარ გამართოს, რომ ჰაერში მავნე წვის პროდუქტების ემისიები თავიდან აიცილოს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
 
ფეიერვერკის ნაცვლად ქალაქელებისთვის ლაზერული შოუ მოეწყობა.
 
ასევე, მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, საახალწლო ფეიერვერკი არც „პირადად“ გამოიყენონ, რაც, ოფიციალური პირების მტკიცებით, ტრავმების შემცირებას ხელს შეუწყობს, ხოლო ცხოველებსა და ფრინველებს მაღალი ხმაურით გამოწვეულ სტრესს მოუხსნის. ამასთან, ქალაქის ხელისუფლებამ პიროტექნიკის გამყიდველებს სავაჭრო პუნქტების დახურვისკენ მოუწოდა.
 
ჩეხეთის გარდა, ფეიერვერკის გამართვა ადგილობრივ მოსახლეობას ნიდერლანდების 16-მა ქალაქმა, მათ შორის, ამსტერდამმა და როტერდამმაც აუკრძალა და ის პირადი გამოყენების ნაცვლად საერთო საქალაქო ღონისძიებად გამოცხადდა. ამიერიდან ფეიერვერკს მხოლოდ მუნიციპალიტეტები გამართავენ.
აკრძალვის მიზეზად ნიდერლანდელებიც ტრამვების შემცირებასა და ჰაერში მავნე წვის პროდუქტების ემისიების თავიდან აცილებას, ასევე, ცხოველებისა და ფრინველებისთვის შიშის მოხსნას ასახელებენ. აკრძალვა ყველა სახის ფეიერვერკზე ვრცელდება. მოსახლეობას საახალწლოდ მხოლოდ შუშხუნებისა და სხვა მინიფეიერვერკის გამოყენება შეუძლია, რომლის ხელში დაჭერაც უსაფრთხოა.
 
ნიდერლანდებში კორონავირუსული პანდემიის პიკზე ფეიერვერკი მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა, რომ ისედაც გადავსებულ საავადმყოფოებს ტრამვირებული პირები არ დამატებოდა. მას შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტი აკრძალვას ყოველწლიურად ახანგრძლივებს. გასულ წელს ფეიერვერკი ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქმა აკრძალა, წელს კი მათ კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი დაემატა. ამ ქალაქებში ფეიერვერკის ნაცვლად სინათლის შოუ იმართება. მომავალ წელს უფეიერვერკო ქალაქების სიას კიდევ სამი მუნიციპალიტეტი დაემატება.
 
2023 წლის დადგომისას ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკი ბელგიის ქალაქ გენტსაც არ გაუმართავს. მაშინ მერიამ განაცხადა, რომ აფეთქებების ხმა ცხოველებს აშინებდა. ამის ნაცვლად ქალაქში საახალწლოდ, ეგრეთ წოდებული, ჩუმი ფეიერვერკი გაუშვეს: მისი მუხტი დიდ სიმაღლეზე არ ადის, ხოლო აფეთქების ხმა ერთ ადგილას ლოკალიზდება, რაც ადგილობრივ ცხოველებსა და ფრინველებში პანიკას აღარ იწვევს.
 
სლოვაკეთის ქალაქი, ლიპტოვსკი-მიკულაშის მერია ცხოველთა კეთილდღეობის მიზნით ფეიერვერკზე ზედიზედ რამდენიმე წელია, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ამბობს უარს, ხოლო გრანადასთან ახლოს მდებარე ესპანურ ქალაქ ვეგას-დე-ხენილში ძაღლებს სპეციალურად წვრთნიან, რომ ფეიერვერკის არ ეშინოდეთ. კერძოდ, მუნიციპალურ კურსებზე მათ ასწავლიან, რომ არ ეშინოდეთ და არ რეაგირებდნენ ძლიერ ხმაურზე, რომელიც ფეიერვერკს თან ახლავს.
 
კლასებს ძაღლების საწვრთნელი ადგილობრივი სკოლა და გრანადას ფლორა-ფაუნის დაცვის საზოგადოება უძღვებიან. მართალია, სხვადასხვა ძაღლს ფეიერვერკის შიში განსხვავებული აქვს და ამ შიშისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობითია, თუმცა მთავარი პრინციპია, ძაღლს დაანახონ, რომ ხმამაღალი ხმები, კაშკაშა ციმციმები და სპეციფიკური სუნი პატრონს არ აშინებს და შესაბამისად, ძაღლსაც არაფრის უნდა ეშინოდეს.

 
მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...