Jump to content
Planeta.Ge

თბილისის საკრებულოში ხმაურია


თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ.

მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა.

„გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაში, რატომ არ მაცდი საუბარს? მე ჩემს სიმართლეს ვიტყვი და შენ შენი სიმართლე თქვი გამოსვლის დროს. რა უბედურებაა, ასე როგორ შეიძლება მოქცევა, ლაპარაკს არ მაცდი“, - მიმართა სოხაძემ ლიპარტელიანს.

მას საუბარი ისევ ლილე ლიპარტელიანმა გააწყვეტინა და რევაზ სოხაძის განცხადებებს ტყუილი უწოდა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ ძველი თბილისი ან თბილისი უფრო ნაკლებად უყვარს, ვიდრე ლილეს, ძალიან ცდება. არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ქალაქს ავნებს. ჩანს, ვის უყვარს თბილისი და ვის არა“, - მიმართა რევაზ სოხაძემ ლილე ლიპარტელიანს.

ხმაურის პარალელურად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ლილე ლიპარტელიანს მიმართა.

„ეტყობა „ათიანში“ გხვდება ასეთი აღელვებული რომ ხარ, ზრდილობაზე რომ არაფერი ვთქვათ. რა დღეში ხარ, სახეს ნუ დაკარგავ! რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობ, გესმოდეს მაინც, აცადე ადამიანს საუბარი, სირცხვილია. იცოდე მიკროფონს არ ჩაგირთავ!“ - განაცხადა ტყემალაძემ.

მოგვიანებით, სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად სიტყვიერი შელაპარაკება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების გოგა ონიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა გააპროტესტეს და ავთანდილ ცინცაძემ მას სამარცხვინო და მოძალადე უწოდა.

„თქვენთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილი იყოს კარგად და ის ფინანსური გარანტიები, რაც თქვენ გაქვთ, რაც აქვს ნოშიკო ნამორაძეს, რაც აქვს წილოსანს. აი, ესენი არ მოგაკლდეთ! მაგრამ ეს ასე არ იქნება, ჩემო კარგებო! დარწმუნებული ვარ, 600 ათასი კაცი კი არ გაგცემთ პასუხს, არამედ უფრო მეტი ადამიანი“,- განაცხადა ონიანმა.

მან სიტყვით, გამოსვლისას ბოდიში მოუხადა უკრაინაში ქართველებს, რომელთათვისაც „სკვერი ვერ გამოინახა“ ამის საპასუხოდ კი, ავთანდილ ცინცაძემ მას ჰკითხა - „2008 წლის მეომრებს ბოდიში რატომ არ მოუხადე?“

„ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა ონიანს ბოდიში მოხდა მოსთხოვეს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...