Jump to content
Planeta.Ge

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს


მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს 25 დეკემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით მიმართა.

ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

„დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც განაპირობა, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ. ამიტომ, მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებით გვაქვს და რასაც ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის ის, თუ როგორ ჩატარდა ოპერაცია, სათანადოდ ჩატარდა თუ არა? ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდგომ, კლინიკამ რამდენად უზრუნველყო ყველა სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა? რამდენად იყო ეს სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში“, — ამბობს ჟურნალისტის ოჯახის ინტერესების დამცველი, მარიამ ლევიძე.

გარდაცვლილი ჟურნალისტის დედა მაგული ჩხობაძე ფიქრობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ჰოსპიტალური ინფექცია და შეუსაბამო პოსტოპერაციული მკურნალობა გახდა.

„მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს. ხდება კი საქართველოში ღვიძლის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არა მაქვს. ამიტომ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვძრავ. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველომ შეისწავლოს არსებული საკითხი, თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება. 6 თვე გავიარეთ ჩვენ ეს, 8 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით”, — ამბობს მაგული ჩხობაძე.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი, რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ნოემბერში სტამბოლში გარდაიცვალა. ის რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...