შავი ზღვის რეგიონს განვიხილავთ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს NATO-სთვის - კოლომინა
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „პირველ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის არის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი.
„შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში. NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის, ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ, როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში“, – ამბობს კოლომინა.
მისი თქმით, როდესაც ალიანსი ხედავს რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა NATO-ს სიახლოვეს, ეს შეშფოთებას იწვევს.
„რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის NATO-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, NATO-ს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება“, – ამბობს კოლომინა.
ამავე ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივაზეც.
„ჩვენ გვჯერა ღია კარის პოლიტიკის, რომელიც NATO-ს სადამფუძნებლო ვაშინგტონის შეთანხმებაშია გაწერილი. ნატო ერთგულია 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო და უკრაინა რაღაც მომენტში გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მოხდეს. მაგრამ როგორც ვთქვი, პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა იმპლემენტაციასაც ვითხოვდით და ამავე დროს ევროკავშირს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ვიხილოთ საქართველოს მიერ ევროატლანტიკური გზის შესრულება“, – განაცხადა მან.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.