„ნახევარი პური მაქვს" | ლარსთან რიგში მდგარი ტრაილერების მძღოლები დახმარებას ითხოვენ
ლარსის გამშვებ პუნქტთან, ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეწურებათ საკვებისა და საწვავის მარაგი.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც უამინდობის გამო უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია.
„მესამე ღამეა, აქ ვდგავართ, არაფერს გვეუბნებიან, როდის გაიხსნება გზა და როდის წავალთ… საკვები და სახარჯო ფული აღარ გვაქვს, ნახევარი პური მაქვს. არავინ, კაციშვილი არ მოსულა და არაფერი უთქვამთ,”- აცხადებს „ტვ პირველთან“ საუბრისას ერთ-ერთი მძღოლი.
„გზა ჩაკეტილია, ვდგავართ ყველა. არავის არაფერი უთქვამს, მთელი ღამე აქ ვიყავით. მარაგი იწურება საკვების და საწვავის. რომ დადიოდეს მანქანა და მოძრავი მარკეტი იყოს უკეთესი იქნებოდა“, – ამბობს მძღოლი.
ლარსის გახსნას ელოდებიან რუსეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებიც.
„მოსკოვში მივდივარ შვილთან, რომ მიმელოცა ახალი წელი, მაგრამ გონი, აქ ვიქნები ახალ წელს. ვერ გადავდივართ. მესამე დღეა აქ ვართ, როდის წავალთ ვერავინ გვეუბნება“, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
„ნული ყურადღება მთავრობისგან. არავინ არ მოგვიკითხა. მესმის, რომ ბუნებაა, მაგრამ ხალხი რომ ჩარჩენილები ვართ, ხომ შეიძლება რამე ყურადღება მოგვაქციონ?, – ამბობს მგზავრი.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.