Jump to content
Planeta.Ge

„ფარმაცევტულ ბაზარზე რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში“


„ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში,“ - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ბოლო დღეებში მთავრობისა და ფარმაცევტული სექტორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ვფიქრობ, ეს არის პოპულისტური შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე, რასაც საბოლოო ჯამში არ მივყავართ იმ შედეგამდე, რაზეც უნდა იყოს გათვლილი. საერთოდ, როდესაც ბაზარი არის ლიბერალიზებული, არც არის ხელისუფლების საქმე ფასების რეგულირება. როგორ შეიძლება, შენ ბიზნესს უკარნახო ფასები, თუ რა ფასში გაყიდოს პროდუქცია, ბიზნესის პრინციპი არის, რომ მაქსიმალურ მოგებაზე იმუშაოს, იმის გათვალისწინებით, რის შესაძლებლობასაც აძლევს ბაზარი.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში. დაიყრება ახლა ბაზარზე არაეფექტური, უხარისხო წამლები. ერთადერთი მექანიზმი, რომ ფასები იყოს ნორმალური, არის კონკურენცია.

 

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხის გული მოიგონ. მაგრამ მოსახლეობაზე ზრუნვა რომ უნდოდეთ, გახსნიდნენ კონკურენტულ გარემოს და თავისთავად დარეგულირდებოდა ყველაფერი, თუმცა მერე ქულებს როგორ დაიწერენ, ან საარჩევნო სალაროში ფულს როგორ შეატანინებენ ბიზნესს?!

ჩემი აზრით, ეს არის შეტევა ბიზნესზე. ალბათ, არიან ჯგუფები ხელისუფლების ორბიტაზე, (ვარაუდს გამოვთქვამ), რომლებსაც უნდათ ამ ბაზარზე შემოსვლა. ბაზარი კი დღეს საკმაოდ დატვირთულია, მათთან კონკურენცია ძნელია, ამიტომ ჯერ პრობლემები უნდა შეუქმნა მათ, ვინც ბაზარზეა. კონკრეტული ჯგუფები ვიცი, რომლებსაც უნდოდათ ბაზრის გაწმენდა და მერე შემოსვლა, ამას კი ცდილობდა ივანიშვილის მეშვეობით. შეიძლება, ახლაც ზუსტად იგივე ჯგუფი ცდილობს, ან სხვა ჯგუფია.

ფაქტი ერთია, ბიზნესზე ასეთი შეტევის მიზეზი არასდროს არ არის ხალხზე ზრუნვა, ასეთი შეტევის მიზეზი არის ახალი მოთამაშეებისთვის ბაზრის გასუფთავება. ვვარაუდობ, რომ ფარმაცევტული სექტორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი ბაზარზე ახალი ინტერეს ჯგუფების შემოყვანაა. ასე მუშაობს ხელისუფლება და ინტერეს ჯგუფებს ემსახურება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტების ნაწილი ზოგჯერ 32-ჯერ ძვირად იყიდება. უწყებამ კონკრეტული მედიკამენტების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა, რომლებიც აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. მეტიც, უწყების განცხადებით, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა კი, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

აღნიშნულ განცხადებას, მეორე დღესვე მოყვა სამინისტროს მიერ, იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება 5-ზე მეტ მედიკამენტამდე, რომლებზეც რეფერენტული ფასები იმოქმედებს. უწყების ცნობით, ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ის წამლებიც, რომლებსაც ფარმაცევტული ქსელები იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

სამინისტროს ბრალდებას გამოეხმაურნენ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, „ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა აქვს გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება. ბრალდებები იმ ნაკლოვანების გადაფარვას ემსახურება, რაც არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად რეალურად ვითარდება.

 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...