Jump to content
Planeta.Ge

ვის უნდა მივმართოთ, თუ ავტოტრანსპორტი ქვეითთა გადაადგილებას აფერხებს ან ტროტუარზეა გაჩერებული


თბილისის ქუჩებში შექმნილ საცობებზე სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების გამოთქმა და თანდართული კომენტარებით, სხვადსხვა ადგილიდან ამ ფაქტის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება აღარავის უკვირს. საცობების მხრივ, ვითარება დედაქალაქში განსაკუთრებით დღესასწაულების ან უამინდობის პერიოდში მწვავდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ავტომანქანების სიმრავლის, გზების გამტარუნარიანობის შემცირების თუ უპასუხისმგებლო მძღოლების გამოისობით, სანუგეშო მდგომარეობა არც სხვა დღეებში გვაქვს.

ბუნებრივია, ეს პრობლემა მძიმედ აისახება იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, დროსა და ნერვებზე, ვინც ყოველდღიურად საკუთარი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და პარალიზებულ ქუჩებში საათობით უწევს დგომა, მაგრამ მერწმუნეთ, საცობებზე არანაკლებ შემაწუხებელი და ხელისშემშლელია ქვეითთა სამოძრაო ადგილებში, ტროტუარებსა თუ პარკების შესასვლელებთან, სკოლის თუ ბაღის ჭიშკართან, მარკეტების თუ ორგანიზაციების კარებთან გაჩერებეული მანქანები.
ამ პრობლემას ყოველდღიურად და რამდენჯერმე საკუთარ თავზეც ვიწვნევ და ჩემს გარშემო, ბევრი სხვაც გამუდმებით ჩივის, რომ ტროტუარები ყველგან მანქანებით არის ჩახერგილი და ამის გამო, დანიშნულების ადგილამდე მანქანების სავალ ნაწილზე უწევს სიარული; რომ პარკებთან დაყენებული მანქანები მთლიანად ბლოკავს პარკის შესასვლელს და პატარა ბავშვებთან ერთად ან ღობეზე გადაძრომა, ან მანქანებისთვის გვერდის ასაქცევად, სასეირნო ეტლების ტრასაზე გადაყვანა უხდებათ, რითაც საკუთარ და სხვის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. ამას ემატება ზედ კორპუსების სადარბაზოებთან მიყენებული და მარკეტების კარებთან ჩამომდგარი დისტრიბუციის მანქანები, რის გამოც ქვეითებს სახლიდან გასვლა და ფეხით გადაადგილება სასჯელად გგადაგვექცა.

 image.jpeg

ხშირად შევსწრებივართ ფაქტს, როცა გზის სამანქანო ნაწილზე არასწორი პარკირებისთვის  ავტომობილის მფლობელს აჯარიმებენ ან სპეციალურ სამსახურს მისი მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაჰყავს, მაგრამ ქვეითთა სამოძრაო ადგილებზე პარკირებული მანქანების შემთხვევაში, იშვიათად ვიცით იგივე მაგალითები. პირიქით, ასეთი დამრღვევი მძღოლები, თითქოს, ხელშეუხებლები არიან და თუ ვინმემ არასწორ ქმედებაზე მიუთითა, ან შეფერხების გამო უსაყვედურა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, უკმაყოფილებას უხეშად გამოთქვამენ და აქეთ გადმოდიან შეტევაზე.

სამწუხაროდ, მოქალაქეების უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს კანონზე, რომელიც საქართველოში, ჯერ კიდევ, გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ექვემდებარება ევაკუაციას, ხოლო მისი მფლობელი ჯარიმდება 50 ლარით. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსგავს დარღვევაზე რეაგირების მაგალითები ან იშვიათად, ან სულაც არ გვაქვს. თუ რატომ, პასუხი რთული სათქმელია.   

გაგაცნობთ იმ მოქალაქეების გულისტკივილს, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და გამოსავლის ძიებაში დახმარებას ჩვენ გვთხოვენ.

 image.jpeg

ეკა მაისურაძე: ფეხით მოსიარულეები ისეთი პრობლემების წინაშე ვდგებით, ხშირად მეფიქრება შშმ პირებზე, მათ საერთოდ რა ქნან, მით უმეტეს, თუ ეტლით სარგებლობენ? ყველას არ ყავს თანმხლები ან დამხმარე, რომც ყავდეს, ტროტუარი თუ მანქანით არის ჩახერგილი, ბორდიურიდან ეტლიანად მისი ჩაყვანა და ამოყვანა ადვილი ხომ არაა?

რაც შეგვეხება მათ, ვისაც პატარები გვყავს, იმდენად ვწვალდებით მეც და ბავშვიც, რომ სასეირნოდ ეტლით გამოსვლა, უკვე, მეზიზღება.  ბორდიურიდან გადაყვანისას ეტლს ვერ ვიმორჩილებ, მიყირავდება და შვილ საფრთხეში ვაგდებ. ამას გარდა, არც ავტოსაგზაო შემთხვევისგან ვართ დაზღვეული, მით უმეტეს, სამანქანო გზაზე რომ გადავდივარ, თანაც ბავშვიანად, მეც ხომ ვარღვევ მოძრაობის წესს? ეს ხდება უპასუხისმგებლო მძღოლების გამო, რომელთაც საკუთარი ინტერესისი იქით არაფერი ადარდებთ და ფეხით ასი ან ორასი მეტრის გავლა ეზარებათ.

 image.jpeg

ნათია კეკელია: ყველგან ვაწყდები მსგავს პრობლემას, საკუთარ საცხოვრებელთან, სამსახურთან, პარკებთან, მაღაზიასთან. ეზოებშიც ისე მჭიდროდ არის მანქანები ჩაყენებული, რომ სადარბაზოში შესვლამდე მათში ლაბირინთივით უნდა გაიარო. განსაკუთრებით აუტანელია ფეხით სიარული, თუ ბავშვები გახლავს თან. ხანდახან აქვე, სულ რაღაც 200-300 მეტრში როცა ხარ გასასვლელი, რა აუცილებელია ავტობუსით იარო? არადა, მართლა ავტობუსით მირჩევნია, რადგან ტროტუარზე ჩვენი ადგილი არ არის და მანქანების სავალ ნაწილზე გვიწევს სიარული. ფეხით სიარული უფრო მეტ საფრთხეს გვიქმნის უკვე, ვიდრე - ტრანსპორტით. მარტოც ვერსად ვერ ვუშვებ შვილებს ამის გამო.

ხშირად მიფიქრია, პატრული გამომეძახებინა, მაგრამ არ ვიცი, იმ მძღოლებს, ვინც ფეხით მოსიარულეებს აფერხებს და მათ გზაზე აყენებს მანქანას, საერთოდ თუ მოეთხოვებათ პასუხი, ამიტომ ვიკავებ თავს.    

 image.jpeg

ნანა კინწურაშვილი: ხანდახან ქუჩის მთელ გაყოლებაზე ტროტუარები ისეა მანქანებით გადატენილი, რომ ეტლით კი არა, მარტოც ვერ გაივლი. მე კი პატარა მყავს, ხშირად მიწევს ბავშვის ეტლით გადაყვანა და რამდენჯერ ვერ გამივლია ჩემს გზაზე, რადგან მუდამ ჩახერგილია. მერე იძულებული ვხვდები, ეტლით შუა გზაზე ვიარო.

როდის უნდა მიხვდნენ ეს უნამუსო მძღოლები, რომ მანქანა ტროტუარზე არ გააჩერონ? რატომ არ ფიქრობენ, რომ ამით საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს?

ეს სერიოზული დანაშაულია და უნდა იყოს დსჯადი. იქნებ დროულად შეიბერტყონ ყურები, ვისაც ევალება და დააწესონ ჯარიმა?!

ტრასაზე ოდნავ რომ გადაცილდე ზღვარს, იმ წამსვე ჯარიმა მოდის და ეს დარღვევა რატომ არ ფიქსირდება არსად?

 image.jpeg

როგორც ხედავთ, ადამიანებმა, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გულიტკივილი გამანდეს (და მათი რიცხვი ბევრად მეტია), არც იციან, რომ მსგავს შემთხვევაში დამრღვევს შეიძლება პასუხი სამართლებრივად მოეთხოვოს, ამისთვის კი საჭიროა, 112-ზე ან - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცხელ ხზაზზე (1398) დავრეკოთ და ფაქტის შესახებ მოვახსენოთ. 

რამდენად რეაგირებს შეტყობინებებზე თავად ეს უწყება და რეკავენ თუ არა მოქალაქეები ცხელ ხაზზე, ამის გასაგებად თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

მათი თქმით, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის შესახებ სააგენტოს ცხელ ხაზზე მოქალაქეები ხშირად რეკავენ, თუმცა ისეც ხდება, რომ მიღებული შეტყობინების შედეგად ადგილზე მისულ თანამშრომლებს რეალური დარღვევა არ ხვდებათ. ამიტომ, ახლა უკვე, ზარის დაფიქსირების შემდეგ მოქალაქეს უთითებენ ტელეფონის ნომერს, რომელზეც მან ფაქტის ამსახველი ფოტო უნდა გააგზავნოს და თუ დარღვევა დასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ რეაგირებას.

რაც შეეხება 112-ზე დარეკვას, როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში გვითხრეს, უკეთესიც კია, თუ არასწორი პარკირების დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს გამოიძახებენ, რადგან ისინი სწრაფ რეაგირებას ახდენენ, სწრაფადვე უკავშირდებიან მძღოლს და შედეგიც უფრო მალე დგება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა მძღოლიც გადაურჩეს ჯარიმას, მხოლოდ გაფრთხილება მიიღოს და ქვეითიც კმაყოფილი დარჩეს, რადგან მისი პრობლემა მალევე აღმოიფხვრება.

ხოლო როცა ადამიანი სააგენტოს უკავშირდება, იქ ჯერ დარღვევის ფაქტის ფოტოთი დადასტურებას ელოდებიან, შემდეგ ატყობინებენ შესაბამის სამსახურს, რომელიც ადგილზე ინსპექტორებს აგზავნის. აქედან გამომდინარე, რეაგირების პროცესი უფრო ხანგრძლივდება.

ის რომ ავტომანქანის მფლობელებს პარკირებისთვის ადგილები არათუ ქუჩებში, საკუთარ საცხოვრებლებთანაც არ ჰყოფნით, მათ საქციელს არ ამართლებს და ვიდრე ტროტუარზე შეაყენებენ მანქანას და ქვეითებისთვის გასასვლელს ჩაკეტავენ, დაფიქრდნენ, რამხელა დისკომფორტს უქმნიან ამ ქმედებით მოქალაქეებს. იმის გამო, რომ თავად არ შეწუხდნენ და იმ ადგილთან რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ, სადაც საქმე აქვთ, სხვებს ნუ დააყენებენ საფრთხის წინაშე.
დედაქალაქის მცხოვრებლებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის ქვეითთა გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, მათ უფლება აქვთ დარეკონ 112-ზე ან 1398-ზე და მოახსენონ აღნიშნული ფაქტის შესახებ.  

 image.jpeg

 

ირმა ბერიშვილი 

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...