Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    141.633

რა გზები არსებობს ქუჩის ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად და რას აკეთებს სახელმწიფო


 

წინასაახლწლო დღეებში მთელი საქართველო შეძრა მიუსაფარ ძაღლზე იმერეთში, კერძოდ, ბაღდათის რაიონში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, რის შედეგადაც, კეთილი ადამიანების დიდი მცდელობის მიუხედავად, დაზიანებული ცხოველი მოკვდა. ამ ამბიდან მოკლე დროში, უკვე ნაახალწლევს, მეორე სასტიკმა ფაქტმა აახმაურა მთელი საზოგადოება, როცა ჩვენმა თანამოქალაქემ მარნეულში საკუთარი ძაღლი ცემით მოკლა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ იმ ვიდეოკადრებით გახდა ცნობილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მალევე, სოციალურ ქსელში სასტიკად ნაწამები და დაზიანებული კატის შესახებ შემხვდა ვიდეო, რომლის გადარჩენაზეც ერთ-ერთი ვეტერინარი ზრუნავდა, თუმცა მისი მდგომარეობაც სავალალო იყო...

როგორც ცხოველთა მოყვარულები და მათი უფლებადამცველები ამბობენ, მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება, მაგრამ ფართო საზოგადოებამდე ყველა ინფორმაცია ვერ მიდის. ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ ცხოველებზე მოძალადეები უმეტესად თავადვე იღებენ სასტიკი მოპყრობის კადრებს, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს პროცესი მათ სიამოვნებას ანიჭებთ. სწორედ ამიტომ არის ასეთი შემთხვევები ორმაგად სავალალო და კიდევ უფრო შემაძრწუნებელია, როცა ცხოველებზე არასრულწლოვნები ძალადობენ, რისი არაერთი მაგალითიც ვიცით.

მართალია, ბაღდათსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და დამნაშავეებიც დაუსჯელად არ დარჩებიან, თუმცა როგორც ცხოველთამოყვარული საზოგადოება (და არა მარტო) მიიჩნევს, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების ამოსაფხვრელად საჭიროა, სახელმწიფომ ცხოველთა დაცვის შესახებ სათანადო კანონი დაამტკიცოს და პრევენციული ზომებიც მიიღოს. აშკარაა, რომ მხოლოდ მომხდარი ფაქტების შემდეგ რეაგირებით საქმეს ვერ ვშველით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის კომპანიონი ცხოველების დაცვის და მათ მიმართ მოპყრობის შესახებ ცალკეული რეგულაციები კი არსებობს, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. არ გვაქვს მთლიანი კანონონი, რომელშიც ისევე, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ყველა საჭირო მუხლი და რეგულაცია იქნება თავმოყრილი და გარკვეული ვალდებულებები თუ პასუხისმგებლობები იქნება განსაზღვრული.

ცხოველთადამცველი ორგანიზაციები, ცხოველთამოყვარული საზოგადოება და უბრალოდ ის ადამიანები, რომელთაც ამ საკითხის მნიშვნელობა კარგად ესმით, დიდი ხანია სახელმწიფოსგან ასეთი კანონის და მისი აღსრულების მექანიზმების შემუშავებას ითხოვენ.

როგორც შევიტყვეთ, საქართველოში ამ მიმართულებით აქამდე არსებული რეგუალაციებიც შეჩერებულია, მიზეზად კი ისევ ცხოველთადამცველი ორგანიზაციების პრეტენზიები სახელდება, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონმდებლობას ბევრი ხარვეზი აქვს და ის ვერანაირ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარი პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრს, პარლამენტის დეპუტატ ანა ბუჩუკურს ვთხოვეთ, რომელიც ამ თემით თავადაც არის დაინტერესებული.

ანა ბუჩუკური: კანონში აქამდე მოქმედი მუხლები შეჩერებულია, რადგან ცხოველთა უფლევადამცველმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა იმ ხარვეზების გასწორება მოითხოვეს, რაც კანონმდებლობაში არსებობს. ხელისუფლებამ კი დღემდე ვერ მოახერხა მათთან შეთანხმება და იმ საკითხების შეჯერება, რაც კანონს სრულყოფილ სახეს მისცემს. სპეციალისტების თქმით, დღეს ის ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს.

ამასთანავე, კანონი შეჩერებული რომ არ იყოს და რომც მოქმედებდეს, მას მაშინ ექნებოდა ძალა, თუ მისი აღსრულების მექანიზმები იარსებებდა.

სამწუხაროდ, საქართველოს მსგავს ქვეყნებში შეიძლება გადასარევი კანონები გვქონდეს, მაგრამ ხშირად მისი აღსრულება იყოს პრობლემური.

პირადად მე ამ კონკრეტული საკითხისადმი მიდგომას ასე გავყოფდი, პირველი - ეს არის საზოგადოებასთან პროაქტიულად მუშაობა და მეორე - რეაქციულად მუშაობა, როცა უკვე კანონი ირღვევა და ვინმეს მიმართ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი.

ზოგადად, არა მხოლოდ ცხოველთა მიმართ ძალადობის, ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღკვეთა დაკავშირებულია არა მხოლოდ რეაქციასთან, არამედ პროაქტიულ პრევენციასთან, პრევენციულ ღონისძიებებთან.

მაგალითისთვის ავიღოთ სოციალურ ქსელებში წინასაახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩაღებული კამპანია. შეიძლება ითქვას, საინფორმაციო ომმა, რომელსაც არა სახელმწიფო, არამედ ცალკეული მოქალაქეები, ცხოველთა მოყვარულები და არა მარტო ისინი, ძალიან აქტიურად აწარმოებდნენ, ის შედეგი გამოიღო, რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენმა თანამემამულეებმა ბევრად ნაკლები პიროტექნიკა გამოიყენეს. თავადაც რამდენიმე ძაღლის პატრონი ვარ და სულ გვქონდა ეს პრობლემა, ახალი წლის შემოსვლისას ძაღლი მუდამ აბაზანაში მყავდა ჩაკეტილი, რომ ხმაური ნაკლებად გაეგო და შიშისგან რამე არ დამართნოდა. წელს, საბედნიეროდ ისე გადავიტანეთ, სააბაზანოში ჩაკეტვამ არ მოგვიწია.

გავიმეორებ, პიროტექნიკის საწინააღმდეგო ის საინფორმაციო კამპანია, რაც სოციალურ ქსელებში იყო გაჩაღებული, მოდიოდა კონკრეტული ფიზიკური პირებისგან და ამ აქციამ ძალიან კარგად იმუშავა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს კამპანია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულად და ფართო მასშტაბით რომ ყოფილიყო წარმოებული, რამხელა შედეგი გვექნებოდა!

მით უმეტეს, პიროტექნიკის გამოყენებას მარტო ცხოველებისთვის არ მოაქვს ზიანი, ის აზიანებს გარემოს და თავად ადამიანსაც. ამის საწინაამდეგო ზომების მიღება იქნება სწორედ პრევენცია.

თუ მივუბრუნდებით უშუალოდ ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას და ზომების რეაქციულ ნაწილს, მოძალადის დასჯას და ზოგადად სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ორმაგი ეფექტი აქვს. პირველი ის, რომ დამნაშავე ადამიანი ისჯება და მეორე - როცა ამის შესახებ სხვა, პოტენციური მოძალადე იგებს, მისთვის ეს ფაქტი შეიძლება დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს; შეიძლება შიში გაუჩნდეს და იფიქროს, რომ არ უღირს ცხოველისადმი სისასტიკის გამო ჯარიმა დააკისრონ ან ციხეში გაუშვან. ამდენად, რეაქციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება კანონს, როგორც გითხარით, დღეს ის გაჩერებულია და არ ვიცით როდის და რა სახით ამოქმედდება.

პირადად ვარ დაინტერესებული, ვინაიდან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია, არამარტო იმიტომ, რომ ცხოველები მიყვარს, არამედ მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ცხოველზე მიზანმიმართულად ძალადობს და სასტიკად ეპყრობა, ის  შეიძლება საზოგადეობისთვისაც იყოს საშიში. ხოლო როცა არასრულწლოვანს ეხება საქმე, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის მინიმუმ არასწორ გარემოში იზრდება. შეუძლებელია, ჯანსაღ გარემოში გაზრდილ ბავშვს ცხოველის წამება და ჩაგვრა სიამოვნებას ანიჭებდეს.

ჩემი ასეთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის წინ მქონდა კომუნიკაცია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან, რომელმაც მითხრა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დასრულდებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის.

ანიშნულ თემაზე, ახლახან, ცხოველთადამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტივისტთანაც მქონდა საუბარი და მანაც დამიდასტურა, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

რატომ ფერხდება კანონში შესწორებების შეტანა, მისი შევსება და ამოქმედება, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის. პრიორიტეტი რომ იყოს და ამისთვის პოლიტიკური ნება არსებობდეს, მისი მიღება ნამდვილად არ გაჭიანურდებოდა. მე მიმუშავია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ხელისუფლებაში და მერწმუნეთ, როცა პოლიტიკური ნება არსებობს, ამა თუ იმ საკითხის შეფერხება ნაკლებად ხდება.

ანა ბუჩუკურის თქმით, ფაქტობრივად საკითხი სრულად არის მიშვებული საზოგადოების თვითშეგნებაზე, ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. ხშირია არა მარტო ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები, ყოველდღიურად მატულობს ქუჩებში უაპტრონოდ გამოყრილი ძაღლების რიცხვიც, რომლებიც უკონტროლოდ მრავლდებიან და მათი არსებობა თავსატეხად იქცევა როგორც ცხოველთა მოყვარულების, ისე მათი მოშიშებისთვისაც. აღარაფერს ვამბობთ უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილ დისკომფორტზე. 

დღე არ გავა, ფეისბუკის სხადასხვა ჯგუფში არ დაიწეროს პატრონების მიერ მიტოვებულ ოთხფეხებზე, ან ქუჩის ძაღლების სიმრავლესა და მათ გამო განცდილ დისკომფორტზე. უფრო მეტიც, გლდანში მცხოვრებ ადამიანს მიაჩნია, რომ მათ რაიონში ყველაზე მეტი ქუჩის ძაღლია; დიდი დიღომში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უფრო მეტი მიუსაფარი ცხოველი მათ რაიონშია, ვიდრე სხვაგან; ვარკეთილის ჯგუფებში გამოთქვამენ აზრს, რომ არსად იმდენი ძაღლი არ დადის, რამდენიც მათ უბანში...

მერე ეს ადამიანები თავ-თავიანთი რაიონების ხელმძღვანელობას თხოვენ, მოაგვარონ ქუჩის ძაღლების საკითხი, ვინაიდან, მიაჩნიათ, რომ ეს მათი პრეროგატივაა. ზოგი ფიქრობს, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა მოიხსნება, თუ ბევრი თავშესაფარი აშენდება და მზად არის, ამისთვის ხელფასიდან ყოველთვიურად გარკვეული პროცენტის ჩამოჭრასაც დათანხმდეს.

მხოლოდ ცხოველთა თავშესაფრების აშენებით ეს პრობლემა რომ ვერ მოგვარდება, ამაში ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკურიც გვეთანხმება. მისი თქმით, ასეთი თავშესაფრების არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნება.

ანა ბუჩუკური: განა რამდენი თავშესაფარი უნდა გაკეთდეს? ამ საკითხის მხოლოდ ასე, ერთი მიმართულებით მოგვარება შეუძლებელია, ამ საქმეს  ბევრი მიმართულების გათვალისწინება და მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება, მაგრამ თუ ოდესმე არ დაიწყე, ბოლოში ვერსადროს გახვალ.

ამ პრობლემიდან ერთი გამოსავალი არ არსებობს, სახელმწიფოს რამდენიმე მიმართულებით აქვს სამუშაო და რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, გარკვეული პასუხისმგებლობები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც გვაკისრია.   

ევროკავშირს თავისი სტანდარტები აქვს და შეიძლება ეს მიმართულება უპირველეს პრიორიტეტად არ დაგვიყენოს, მაგრამ ზოგადად გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების თვალსაზრისით, აუცილებლად მოგვთხოვს ცხოველთა უფლებების დაცვასაც.

ცხოველთა უფლებების გარდა, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, იგივე ცოფის თემა. ვეტერინარია არის სპეციალურად რეგულირებადი სფერო, რომლის მოქმედებამ არა მხოლოდ ცხოველის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც შეიძლება გავლენა იქონიოს. ამიტომ, ადრე თუ გვიან ამ ნაწილშიც მოგვიწევს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება.

რაც შეეხება იქაურ სტანდარტებს, ქვეყნების მიხედვით რეგულაციები სხვადასხვანაირია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს, ის არის, რომ ძაღლების და კატების პოპულაციის კონტროლს პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ვიცით, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მათი უკონტროლო პოპულაციაა, განვითარებულ ქვეყნებში კი ცხოველების სტერილიზაციის საკითხი მკაცრად რეგულირდება, რაც საშუალებას იძლევა, შემცირდეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა. ასევე მკაცრად კონტროლდება ცოფზე ვაქცინაცია და რაც ძალიან მისასალმებელია, სულ უფრო პოპულარული ხდება მეტისების შეფარება. ვიცით, რომ ადამიანებს სჩვევიათ, მაინცდამაინც ჯიშიანი ძაღლები იყოლიონ და მეტისებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. უცხოეთში კი პირიქით, ცდილობენ მათ მიანიჭონ უპირატესობა, ამიტომ მეტისების პოპულარიზაციაც მნიშვნელოვანია. ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ეგრეთწოდებულ ჯენზი-ს მათ მიმართ უფრო მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს, ვიდრე უფროს თაობას.

რაც შეეხება რეგულაციებს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის რეგულაციებია, მაგალითად, მონადირეების მიმართაც. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ისინი თავიანთ ძაღლებს, ტყეში იმ მიზეზით ტოვებენ, რომ მათ ,,ყნოსვა უფუჭდებათ“ და ისე კარგად ვეღარ ნადირობენ, როგორც ადრე. მონადირეთა უმეტესობა ძაღლს უყურებს არა როგორც ოჯახის წევრს, არამედ როგორც კონკრეტულ ინსტრუმენტს კონკრეტული საქმისთვის. ამიტომ არსებობს ქვეყნები, სადაც მონადირეებთან დაკავშირებით მიღებულია სპეციალური რეგულაციები, სამონადირეო საქმიანობისათვის ლიცენზიები გაიცემა და მათ ძაღლებს ცალკე აღრიცხავენ. არის, ასევე, რეგულაციები ძაღლების მიტოვების წინააღმდეგ.

ჩვენს გარშემო ბევრი ვიცით, ბავშვების სათამაშოდ რომ ყიდულობენ ლეკვებს და როცა გაიზრდებიან, ქუჩაში აგდებენ, რადგან აღმოაჩენენ, რომ თურმე, სათამაშოები არ ყოფილან და მათ ყოლას თან გარკვეული პასუხისმგებლობებიც ახლავს. ბევრს ბიზნესად აქვს ქცეული ძაღლების მოშენება და უკონტროლოდ ეწევიან ცხოველების ყიდვა-გაყიდვას. სხვა ქვეყნებში ეს საკითხიც კანონით არის რეგულირებული.

არსებობს სხვადასხვა მოდელი და მართალია, ვერავინ დაგვავალდებულებს, გინდა თუ არა, რომელიმე მათგანი ზუსტად გადმოვიტანოთ, მაგრამ მოგვეთხოვება, რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის კი საჭიროა, დროზე მივიღოთ სათანადო კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები.

გამოსავალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ იქამდე რომ მივიდეთ, სახელმწიფოსთვის ეს თემა პრიორიტეტული უნდა გახდეს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ ნაწილში განსაზღვრული პოლიტიკა არ აქვს.

მიუსაფარი ცხოველების და ზოგადად ადამიანის კომპანიონი ცხოველების შესახებ კანონის მიღებას ცხოველთა მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლებიც აუცილებლად მიიჩნევენ, ცხოველთადამცველი ორგანიზაციების აქტივისტები კი კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ეს კანონი ევროპაში მოქმედი კანონებისგან ზუსტად იყოს გადმოტანილი, რომლის მიხედვითაც უნდა აიკრძალოს კერძო პირების მიერ ძაღლების თვითნებურად გამრავლება; მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულ კლუბებს ჰქონდეს ცხოველების გამრავლების უფლება და ყურადღება მიექცეს მათ სტერილიზაციას, რაც ხელს შეუშლის ცხოველების უკონტროლო პოპულაციას.

ცხოველთა მოყვარულები, ასევე, მოუწოდებენ საზოგადოებას, ვისაც სურს სახლში ოთხფეხა მეგობარი ჰყავდეს, მიაკითხოს ცხოველთა თავშესაფრებს და იქიდან წამოიყვანოს გასტერილებული ცხოველი, ან თავად გაასტერილოს, მოაწესრიგოს და მოუაროს. მით უმეტეს, ვიცით, რომ ამ თავშესაფრებში ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლი ბინადრობს.

მათი თქმით, თუ კანონიც დროზე წამოგვეწევა, ასეთი მიდგომით მიუსაფარი და ქუჩის ცხოველების პრობლემა 2-3 წელიწადში აღმოიფხვრება.

 

ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...