ძალადობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის კონცერტზე იმღერებს
მსახიობი და რეპერi კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელსაც სისხლის სამართლის სამი სხვადასხვა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებს. ეს ინფორმაცია თავად ახალციხის მერიამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
“ნეტგაზეთი” ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცის თუ არა მან, რომ კაბუ ბრალდებულია და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მიწვევა ამ ბრალდებების მიუხედავად.
“უაზრო კითხვებია, პატივცემულო. ადამიანს არ აქვს, ჯერ ერთი [ბრალი დამტკიცებული]. უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს […] დამნაშავედ გამოგყავთ უკვე”, – უთხრა ლაზარაშვილმა “ნეტგაზეთს”.
ახალციხის მერმა არ მიიღო განმარტება, რომ ბრალდებულის შესახებ კითხვის დასმა მისი დადანაშაულება არ არის და კიდევ ერთხელ მოგვიწოდა, “ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას”. ამის შემდეგ ლაზარაშვილს ვკითხეთ, როდის გადაწყვიტეს კაბუს მიწვევა საახალწლო ღონისძიებაზე – მის დაკავებამდე თუ მას შემდეგ. მან ამ კითხვაზე არ გვიპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ კონცერტში მონაწილეობის სურვილი თავად რეპერმა გამოთქვა და მერია მას ჰონორარს არ გადაუხდის.
“თვითონ გამოგზავნეს წერილი და გაჩნდა სურვილი, რომ ჩამოსულიყო და ეგრეა რა. ანაზღაურების გარეშე ხდება … თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ მიეღო მონაწილეობა და ჩვენც მივიღეთ”, – გვითხრა ირაკლი ლაზარიშვილმა.
კაბუ 25 ნოემბერს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება მას ქალზე ძალადობას, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/ შენახვას ედავება.
გამოძიების ვერსიით, 25 ნოემბერს, კაბუმ ავტომანქანით გადაადგილებისას, მასთან მყოფ ქალს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა, ასევე, რამდენჯერმე გაარტყა ხელი. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით ემუქრებოდა ქალს, ასევე გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია დასარტყამად.
უწყების ცნობით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, ქალმა პოლიციის მანქანა დაინახა, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად დაუძახა. პოლიცია მათ მანქანას აედევნა და კაბუ ადგილზე დააკავეს.
მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ კაბუს მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინა — ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 1,28 გრამ ალფა-პვპ.
კაბუ ბრალდებას უარყოფს. 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.