ნათია მეზვრიშვილი: საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაუქმებულია
ვენეციის კომისიის დასკვნა ცხადყოფს, რომ ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან დაწყებული ანტიკორუფციული რეფორმების ბოლომდე მიყვანის და სამთავრობო პროგრამის, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხორციელების შემთხვევაში, არამხოლოდ არ იარსებებდა ელიტური/პოლიტიკური კორუფცია საქართველოში, არამედ ქვეყანას უკვე გახსნილი ექნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე ვენეციის კომისიის შეფასებას გამოეხმაურა.
მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზეც ზის და ამიტომ, „ელიტური/პოლიტიკური კორუფციისგან გათავისუფლების და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“.
„საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია - სრულად ხელშეუხებლები არიან „ოცნების“ და „ოცნებასთან“ დაკავშირებული კორუმპირებული ელიტები. ეს არის მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ღარიბდება და რამდენიმე ოჯახი მდიდრდება.
ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლების მთელი ძალისხმევა არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არამედ „ოცნების“ ელიტური, კორუმპირებული ოჯახების ხელშეუხებლობის დაცვისკენ და კორუფციის გზით შემდგომში მათი კიდევ უფრო მეტად გამდიდრებისკენ არის მიმართული.
დაუსჯელია პრემიერი, დაუსჯელია თბილისის მერი, დაუსჯელია ელიტური/პოლიტიკური კორუფციის არაერთი ფაქტი - ვაკის პარკის ტრაგედიიდან დაწყებული, სიცოცხლისთვის საშიში მშენებლობებით და სახელმწიფო ქონების მიტაცებით დამთავრებული, რაზეც მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, პროკურატურას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია. დაუსჯელია პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი, „ოცნებასთან“ დაკავშირებული კეზერაშვილის პარტნიორები და მფარველები. დაუსჯელები არიან კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც თავად უნდა ებრძოდნენ კორუფციას.
ჩვენი კიდევ ერთი სიმართლე დადასტურდა - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა მართლაც ფიქცია და ფარსი აღმოჩნდა.
კორუფციის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების სრულად დამორჩილებით „ოცნებამ“ შექმნა ელიტური ოჯახების დაუსჯელობის უსამართლო სისტემა. ამ სისტემაში ადამიანებს პასუხს აგებინებენ წვრილმან ქურდობაზე, ხოლო ბიუჯეტის და თავად ამ ადამიანების მძარცველი 25 ოჯახი დაცულია.
ვენეციის კომისიის დასკვნა ცხადყოფს, რომ ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან დაწყებული ანტიკორუფციული რეფორმების ბოლომდე მიყვანის და სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხორციელების შემთხვევაში, არამხოლოდ არ იარსებებდა ელიტური/პოლიტიკური კორუფცია საქართველოში, არამედ ქვეყანას უკვე გახსნილი ექნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
ფაქტია, დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზეც ზის და რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ბიუჯეტიდან ხალხის ფული მოიპაროს. ელიტური/პოლიტიკური კორუფციისგან გათავისუფლების და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.