Jump to content
Planeta.Ge

ქირურგი გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვზე - თავის ქალის დეფექტის 80% უკვე დახურულია, ოპერაცია 12-13 საათს გაგრძელდა - კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩატარდება


გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩაუტარდება. ამის შესახებ "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება.

„ოპერაცია სასწრაფო იყო. თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% უკვე დახურულია. ვფიქრობთ, 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება მსგავსი ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, - აღნიშნა ალექსანდრე კალანტაროვმა.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...