Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - „ქართული ოცნება“ სომალელ მეკობრეებთანაც დაიჭერს კავშირს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს - ოპოზიციას კი არ აქვს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი, ხელისუფლებას აქვს ასახსნელი მოქალაქეებისთვის, რით სჯობს ოპოზიციას


ეს ადამიანები {„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები} არიან პროთავისები - ევროპელებიც, ჩინელებიც, აფრიკელებიც იქნებიან და სომალელ მეკობრეებთანაც დაიჭერენ კავშირს, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ძალაუფლების შენარჩუნება რისთვის სჭირდებათ? - იმისთვის, რომ მეტი ფული იშოვონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას კი არ აქვს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი, ხელისუფლებას აქვს ასახსნელი მოქალაქეებისთვის, რით სჯობია ის ოპოზიციას.

სიჭინავას შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „ამ ხელისუფლების არსებობა ბუნებრივად არათავსებადია“.

„მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს კანდიდატის სტატუსის მიღება, წისქვილს ასხამს წყალს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამ ყველაფრის პარტიულ დონეზე ჩაშლა, ვფიქრობ, რომ არ იქნება სერიოზული. ამ მიდგომის მცდელობა აქვთ ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს. მაგალითად; „ნაციონალურ მოძრაობა“, რომელიც თავის ბელადს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, ამ ქვეყანაში ევროპული ღირებულებების შემოტანას და ევროპისკენ სვლას, ვიღაცა უკავშირებს ამას ბიძინა ივანიშვილს. სამთავრობო ღონისძიებაზე, კერძოდ ბიუჯეტის გადახდილ ღონისძიებაზე - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ახსენეს და თურმე „პრეზიდენტს იქ არაფერი ესაქმებოდა“. ამიტომ, ასეთი განცხადებების კეთება ვფიქრობ, რომ არა სერიოზულია. პირველი, ვის წისქვილზეც ეს ასხამს წყალს, ეს არის ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქე. დანარჩენი არის ყველაფერი უინტერესო. რაც შეეხება ხელისუფლების მოწოდებას ოპოზიციის ნაწილის მიმართ, ძალიან უხერხულია.

ეს ხელისუფლება არ იყო რუსული კანონი რომ მიიღო? შავი დემოკრატიის დღე, რომ გაუთენა ქართულ სახელმწიფოს? - ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასებით. ესენი არ იყვნენ ძალით, რომ შევატანინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი? კობახიძე არ იყო, რომ საუბრობდა, არ უნდა შეგვეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზეო?! „სიმბოლური სტატუსი“ - ასე არ მოიხსენიებდა ირაკლი ღარიბაშვილი ამ სტატუსს? თუ „არაფრის მომცემ სტატუსს“ არ ეძახდა კახა კალაძე კანდიდატის სტატუსს? ის ინფანტილიზმი, რაც არის ქართულ პოლიტიკაში, ძალიან უსუსურად გამოიყურება მერე ოპოზიცია ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც პრორუსს რუსს ეძახი, ეს ადამიანები არიან პროთავისები - ევროპელებიც, ჩინელებიც, აფრიკელებიც იქნებიან და სომალელ მეკობრეებთანაც დაიჭერენ კავშირს, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ძალაუფლების შენარჩუნება რისთვის სჭირდებათ? - იმისთვის, რომ მეტი ფული იშოვონ, მეტ ადამიანს ჩაუყონ ჯიბეში ხელი და ამოუღონ ფული, ეს კორუფციულად ნაშოვნი ფული მაქსიმალურად შეინარჩუნონ, ეს არის ამოცანა ამათი. დღეს ხომ ხედავთ, როგორი ევროპელები არიან თავიანთ განცხადებაში? თუმცა ამ ყველაფრიდან კუდი ძალიან კარგად უჩანთ.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, გაურთულდა თუ გაუადვილდა ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის ამოცანა, მე ძალიან მაინტერესებს, მაგალითად: ეს პროცესები, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია საერთოდ რას აპირებდა? ხელისუფლების შეცვლას არ აპირებდა საერთოდ?“, - განაცხადა სიჭინავამ.

ამასთან, სიჭინავას განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია „კომიკური“ იყო.

„რა აქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებას საჯარო მოხელეებისთვის? რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ასევე კობახიძის საპარლამენტო გუნდს, 700 000 ადამიანისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველია? რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ მშობლებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთა მესამედი ნუტრიციის პრობლემას განიცდის? რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებთან, ვისაც სუფთა სასმელი წყლის პრობლემა აქვს, მოსახლეობის 70%-ს? რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯიბეში უყოფენ ხელს მისი ჩინოვნიკები და ფულს აცლიან, სწორედ 20-25 ოჯახი მდიდრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. ოპოზიციას კი არ აქვს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი, ხელისუფლებას აქვს ასახსნელი მოქალაქეებისთვის, რით ჯობია ის ოპოზიციას. ევროპული სტატუსი და ამ ხელისუფლების არსებობა ბუნებრივად არათავსებადია“, - აღნიშნა სიჭინავამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...