Jump to content
Planeta.Ge

კინოცენტრს რეტროსპექტივის სიიდან სამი ფილმი ამოაღებინეს - კინემატოგრაფისტთა ბოიკოტი გრძელდება


საქართველოს კინოცენტრმა რეტროსპექტივის, „თანამედროვე ქართული კინოს“ სიიდან სამი ფილმი ამოიღო. როგორც „პუბლიკას“ ორგანიზაციაში განუმარტეს, სია ავტორის მოთხოვნით შეიკვეცა. რეტროსპექტივა 2005-2023 წლებში შექმნილი ქართული ფილმების მონაწილეობით იმართება. ფილმების განახლებულ სიაში აღარ იძებნება უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, ასევე – ზაზა ხალვაშის „ნამე“ და „სოლომონი“.

ფილმების რეტროსპექტივის სიიდან ამოღებას ბოიკოტის მონაწილეები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საჯაროდ მოითხოვდნენ, თუმცა კინოცენტრის Facebook-გვერდზე ჩამონათვალი მას შემდეგ შეიკვეცა, რაც უტა ბერიამ კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში დაწყებული თავისი ფილმი პროტესტის ნიშნად გამორთო.

როგორც რეჟისორმა Facebook-ზე დაწერა, 15 დეკემბერს შემთხვევით აღმოაჩინა, რომ „ერთი თვის წინ ოფიციალურად, წერილობით და საჯაროდ განმარტებული უარის შემდეგ, ფილმის ავტორებისგან ფარულად, მაინც გაუშვეს ფილმი“

450 კინემატოგრაფისტი თვეების მანძილზე ვითხოვთ კინოცენტრის დამოუკიდებლობას, სამინისტროსგან არ გადმოდგმულა არცერთი კონსტრუქციული ნაბიჯი, რის გამოც უარი განვაცხადე კინოცენტრის მიერ ორგანიზებული „თანამედროვე ქართული კინოს“ რეტროსპექტივის ფარგლებში ჩემი ფილმის ჩვენებაზე“, – განაცხადა რეჟისორმა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს დააკისრა. მისივე თქმით, „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება საჯაროდ არაერთხელ გაიმართა და მომავალშიც გაიმართება.

კინოჩვენების ჩაშლას „ვანდალური“ უწოდა კინოცენტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა და სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, „Pos tv-ის“ წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ. მისი თქმით, ცენტრს თავდაპირველად ფილმის ჩვენებაზე პროდიუსერისგან თანხმობა ჰქონდა.

„ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი არაერთგზის ნათქვამი, რომ ეს ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე ის ფაქტი, რომ თავად არიან ცენზორები, რადგან კინოს ცენზურის მსგავსი ფაქტი, მას შემდეგ, რაც „ცხელი ძაღლი” დააცენზურეს ნაცებმა, ქართულ კინემატოგრაფში არ გვქონია – შუა სეანსიდან ფილმი გაეთიშოთ. ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა რა პრიორიტეტები აქვთ ბოიკოტის ავანგარდში მყოფებს და რა ტიპის ურთიერთობა და მიმართება ჰქონდათ მათ კინოცენტრთან. მაგრამ მათი თავგასულობა აღარ გაგრძელდება, ეს არაა ძველი კინოცენტრი, რომელსაც საკუთარი ჯიბის ინსტიტუციად იყენებდნენ და ეს არ არის დუქანი. კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის პატივისცემის სწავლა მოგიწევთ, და ამას ან ისწავლით, ან გასწავლით!“, – დაწერა ოდიშარიამ Facebook-ზე.

უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ საჯარო ჩვენება 19 დეკემბერს, 20:00 საათზე „ეზოში“ გაიმართება. კინოჩვენებას გამართავენ  ქართული კინოს საღამოების – „კინო ეზოში“ – ფარგლებში, რომლის ორგანიზატორებიც არიან: „საქართველოს კინოინსტიტუტი“, მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ და „ეზოტოპია“.


კინემატოგრაფისტები უკვე 6 თვეა, კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ორგანიზაციის დირექტორის დემოკრატიული გზით არჩევითობას მოითხოვენ. 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი აგვისტოდან დღემდე ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს კინოცენტრის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე. კინოცენტრმა არაერთ მათგანს შესთავაზა რეტროსპექტივაში მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღო.

„პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!“, – აცხადებენ ბოიკოტის მონაწილეები.

ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა, თბილისისა და რეგიონების საჯარო სივრცეებში მოქალაქეებისთვის უფასო კინოჩვენებებს აწყობენ.

პუბლიკა

publika.ge-1-5-1024x768.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...