"საქართველოსთვის" - დიახ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
"დიახ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
გვსურს, მივულოცოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირისკენ! და, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს მიღწევა!
პირველ რიგში, ეს მიღწევა ქართველი ხალხის გამარჯვება და დამსახურებაა!
იმ ხალხის, რომელმაც თავისუფლებისთვის უმძიმესი ფასი, მათ შორის, ომით და სისხლით, არაერთხელ გადაიხადა.
იმ ხალხის, რომლისთვისაც ევროპული არჩევანი ასეთი ურყევი და მტკიცეა და ბოლო 30 წლის განმავლობაში, თანმიმდევრულად უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ის ევროპელია!
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მეგობრები, საქართველოს მრავალი წლის პარტნიორები, რომელთაც ძალიან კარგად ესმით, რომ შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს რაიმე ფორმით გარიყვა, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და ჩვენს ქვეყანას ათეულობით წლებს დააკარგვინებს.
ამიტომ, მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს პარტნიორებს ევროკავშირსა და ამერიკაში!
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების წინ, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ე. წ. ასოცირებული ტრიო. ეს იყო სწორი და საამაყო გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებში.
ვამაყობთ, რომ წლების განმავლობაში ვიყავით იმ წარმატების ნაწილი, რასაც ასოცირებულ ტრიოში საქართველოს უპირობო ლიდერობა ერქვა!
საქართველო ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს ძალიან ბევრ საკითხში ახლაც ვუსწრებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ევროკავშირთან შეუთავსებელმა პოლიტიკამ, ტრიოში ლიდერის სტატუსი დაგვაკარგინა. თუმცა, ეს ყველაფერი გამოსწორებადია.
ახლა მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ლიდერის სტატუსი ტრიოში, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები!
არ შეიძლება, განსაკუთრებულად არ გამოვყოთ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, რომელთაც უდიდესი შრომა აქვთ გაწეული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.
ჩვენ კარგად ვიცნობთ საჯარო სამსახურს და ძალიან კარგად ვიცით, ხშირად რამდენად მძიმე და დაუფასებელი შრომაა! კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები ძალიან ბევრი წელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის შრომობენ. მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ!
ახლა მთავარი წინ გვაქვს. კანდიდატის სტატუსი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ლიდერის სტატუსი, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი!
დიახ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი თავად უნდა აირჩიონ საკუთარი როლი - გახდებიან თუ არა ამ დიდი მიზნის თანაზიარი."
პარტია "საქართველოსთვის"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.