Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - რაც დღეს ბრიუსელში ხდებოდა, არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება


დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებმა, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის. ამ წუთას ვესაუბრებოდი. ეს არის [კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება] მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც სხვა მხრივ სრულიად ვიმსახურებთ, მაგრამ დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება, როგორც ქართველებს თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ევროკავშირის გადაწყვეტილება მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს.

პრეზიდენტის თქმით, თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა.

„ასევე მინდა მივულოცო მაია სანდუს. დღევანდელ დღეში უძლიერესი ქალი, რომელმაც ამ პერიოდში გაუძლო შეტევებს, უდიდეს სირთულეებს, მაგრამ შეძლო. თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა და გაუძლებდა. და გაუძლო.

ეს მაგალითები არის ჩვენი ქვეყნის მაგალითები. მთელ გავლილ ისტორიულ პერიოდში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ვართ იმის მაგალითი თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ევროპისთვის ბრძოლა და იმ ერთიანი ღირებულებებისთვის ბრძოლა. ეს არის ის, რასაც დღეს ვზეიმობთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...