პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს გადასცა „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ საბოლოო მიღებისას, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის სიმბოლურად გადასცა ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები.
ღონისძიებაზე, რომელზეც პრეზიდენტმა პოლიტიკოსები, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები და მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია, მივიდნენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და რიგი ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
ზურაბიშვილი მათ წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. როგორც მან თქვა, ამ მიღებით დასრულდა კამპანია, „რომლის მიზანიც იყო, საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელიც მიგვიყვანდა 8 ნოემრბიდან, როცა მივიღეთ ძალიან სასიხარულო დასკვნა და რეკომენდაციები ევროპული კომისიიდან, 15 დეკემბრამდე, როცა ველით კიდევ უფრო სასიხარულო გადაყწვეტილებას“.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საქართველოს ხმა ყოფილიყო ხმამაღალა გაგზავნილი ევროპისკენ“.
„ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პრეზიდენტის ხმა, რომელიმე ცალკე ჯგუფის ხმა, მე ვიწყებდი, მაგრამ ყველამ ერთად გავაგრძელეთ. იყო ბევრი სხვადასხვა ინიციატივა. შეიკრიბა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. სხვადასხვა ინიციატივები… ვნახეთ უზარმაზარი დროშა, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველი ევროპის მოედნამდე. როგორც ვიმედოვნებთ, რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში. ეს იქნება ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი 15 დეკემბერს. ეს იქნება ბოლო ეტაპის საწყისი“, – თქვა მან.
ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა საქართველო გზაჯვარედინზეა, თუმცა ევროპისკენ გზაზე ქვეყანამ გაიარა „ძალიან ბევრი ეტაპი“.
ეს გზა არ დაწყებულა არც დღეს, არც გუშინ, არც წინა წელიწადს, როცა მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ „ამის მინიჭება ნიშნავდა და ნიშნავს, რომ ის დისკუსიები, რაც მრავალი წელი არსებობდა საქართველოს გეოგრაფიაზე და რამდენად უშლიდა ეს ხელს ჩვენს ევროპულობას, ის დისკუსიები ამით დასრულდა. ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გადავიარეთ. ეს დაიწყო, როცა შევედით ეუთოში. დაიწყო ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვით [„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“]“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, ევროპისკენ გზა „დაიწყო პირველი რესპუბლიკიდან, დაიწყო იმ მოძრაობიდან, რომელსაც ერქვა ეროვნული მოძრაობა“.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა წარმოუდგენილია, თუ საქართველოს არ ეყოლება სანდო პარტნიორები, რომლებთანაც საერთო ღირებულებები აკავშირებს.
„[ევროპა] ჩვენთვის ბუნებრივი და უალტერნატივო გზაა“, – ხაზს უსვამს პრეზიდენტი.
მან აგრეთვე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ მათი და ამ ტერიტორიების მოსახლეობის გარეშე ევროკავშირში შესვლა არ იქნება არც სწორი და არც სამართლიანი. „არ შეიძლება რუსეთმა წაართვას იქ მიწები. ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე“, – ამბობს იგი.
ზურაბიშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რატომაც ხალხს სურს ევროპა. „ევროკავშირის საწყისში არის მშვიდობა. ეს დაპირება მართლაც შესრულდა. არ იყო ადვილი. ძალიან ბევრი ადრინდელი კონფლიქტები არსებობდა, მაგრამ ეს შესრულებადია. თუ შესრულებადია, ჩვენც გვინდა მონაწილე ვიყოთ იმ სივრცესი, რომელიც იცავს არა მხოლოდ ადამიანებს და მათ ღირსებას, არამედ რეალურ მშვიდობას, რომელიც განუყოფელია თავისუფლებისგან. იცავს იდენტობას, კულტურას. არაა მსოფლიოში სხვა სივრცე, სადაც ამდენი მრავალფეროვანი და სხვადასხვა ქვეყნის სივრცე და იდენტობა, ენები, კულტური, ამგვარად იყოს დაცული. ამ მრივ უკვე ვართ შესული ევროპაში“, – აცხადებს იგი.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 15 დეკემბერს სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. მანვე მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, დადებითი გადაწყვეტილებები მიიღოს მოლდოვასთვის და უკრაინისთვის.
„ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ თავდება არაფერი. ორმაგად ვიქნებით ვალდებულნი, განვაგრძოთ ეს გზა. ჩვენი გასაკეთებელი იქნება ბევრი რამ. თუ დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ. ყველაფერში არ ვიქნებით ერთიანი, მაგრამ ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც დაიწყება 15 დეკემბერს. იმაზე, თუ რაცაა გასაკეთებელი, რომ გავიდეთ ბოლოს და მომავალ წელს. უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას. ამისთვის გვაქვს სამოქმედო გეგმა და ამაზე უნდა ვიყოთ ერთიანი.
მადლობა დიპლომატიურ კორპუსს და ყველა პოლიტიკურ ძალებს, აქ მოსულს თუ არმოსულს, ყველამ, ვისაც შეტანილი აქვს ოდნავი წვლილიც კი ამ შედეგში, რომელიც უნდა დადგეს. ყველას მადლობა. ეს არის მადლობა, რომელიც მოდის საზოგადოებიდან და რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავის ეკუთვნის გამარჯვება, თუ ის ყველას არ ეკუთვნის“, – შეაჯამა პრეზიდენტმა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.