Jump to content
Planeta.Ge

„წითელი ხაზები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“ — გახარია „ოცნებაზე“


პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ წითელი ხაზები „ჯერ არ გადაულახავს“.

ამის შესახებ გახარიამ 9 დეკემბერს რაჭაში, პარტიის ადგილობრივ წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ესენი გონზე არიან მოსაყვანები. ჯერ კიდევ წითელი ხაზები არ გადაულახავთ. მე იმედი მაქვს, რომ ის ღირსეული ადამიანები, ვისაც ოცნებაში ჯერ კიდევ გონიერება და პრაგმატულობა შერჩა, დაფიქრდებიან, რომ ამ წითელი ხაზების გადალახვა მათ მიიყვანს ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება.

მე მესმის ძალიან კარგად, რომ „ოცნებაში“, სამწუხაროდ, დაგროვდა უამრავი ადამიანი, რომელმაც უკვე იმდენი მოიპარა, რომ ეშინია უბრალოდ, რომ პასუხს მოსთხოვენ. ან იმდენი მოიპარა, რომ იმის უკვე დათმობა აღარ უნდა და ერთადერთი მიზანი აქვს — როგორ დაიცვას ის, რაც მოიპარა. მაგრამ ცოტა უფრო მასშტაბურად სურათს თუ შეხედავენ, გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს, ჯერ ჩიხში არ არიან შესულები. მე იმედი მაქვს, რომ ეს გონიერება ვინმეს „ოცნებაში“ გონებას გაუნათებს“, — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში კორუფცია ღალატის ტოლფასია.

გიორგი გახარია ხშირად საუბრობს კორუფციასა და ნეპოტიზმზე, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემებზე. ამავდროულად, კორუფციის არსებობას თავისი პრემიერობის დროს უარყოფდა.

„რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, — თქვა გახარიამ 2020 წელს, პარლამენტში დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, უარყო რა, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...