Jump to content
Planeta.Ge

79% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს — NDI


NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კერძოდ, გამოკითხულთა 79% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის მისაღებია, რაც წინა კვლევასთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული.

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი — ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

გამოკითხულთა 29%-ის აზრით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს, 16%-ის აზრით კი, მთავრობა ამისთვის არაფერს აკეთებს.

ამავე კვლევის მიხედვით, 6%-ითაა შემცირებული ნატოს მხარდაჭერა. ნატოში გაწევრიანება მისაღებია გამოკითხულთა 67%-ისთვის. ნატოს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში, ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა. თუმცა ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.

nato.png

გამოკითხულთა 27%-ისთვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული აგრესია წარმოადგენს, 13%-ისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, 11%-ისთვის კი რუსული პროპაგანდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება, 20%-ის აზრით კი, ნატოს წევრობა.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. კერძოდ, კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გამოკითხულთა 60% ევროკავშირს ასახელებს, 38% – აშშ-ს და 20% რუსეთს, 17% კი ნატოს.

კვლევის მიხედვით, უმრავლესობას (66%-ს) სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო – ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. გამოკითხულთა 11%-ის აზრით კი, რუსეთთან ახლო ურთიერთობა ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს.

ამასთან, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, უმრავლესობას რუსეთთან დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ურჩევნია.

%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%

როგორც NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, ეთნიკური უმცირესობები დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავდებიან – უმეტესობამ არ იცის ამ ორ არჩევანს შორის რომელს მიანიჭებდა უპირატესობას; ამ დასახლების მეოთხედი კი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

„ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა
შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40% იზიარებს.

%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%

ამავე კვლევის თანახმად, თანაბარია მათი რაოდენობა, ვინც რუსეთთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას და შეზღუდვას უჭერს მხარს.

%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1-%E1%83%94%E1


კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...