მოსახლეობის 90%: ჯანდაცვის პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსაც უნდა ფარავდეს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა — 90% მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევამ უნდა დაფაროს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისები, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია. კვლევა დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ამასთან, უმრავლესობის (83%) აზრით დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.
თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა, მათმა ნახევარმა კი მიმართა კიდეც. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.
გარდა ამისა, NDI-ს კვლევის თანახმად, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ.
კვლევაში ასევე საუბარია ჯანდაცვის სხვა საკითხებზეც. მოსახლეობის 45% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯანდაცვა გაუმჯობესდა, 23% ამბობს, რომ გაუარესდა, 28%-ის აზრით კი არ შეცვლილა.
უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემებია.
შეკითხვაზე, რას მიიჩნევენ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად, 68%-მა უპასუხა წამლების საფასური, 40%-მა — ექიმთან ვიზიტების საფასური, 28%-მა დაასახელა ექიმების და სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, 28%-მა წამლების დაბალი ხარისხი, 15%-მა — საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, 8%-მა — ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში, 5%-მა — ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში, 5%-მა — სამედიცინო საშუალებების ნაკლებობა, როგორიცაა პირბადე ხელის დეზინფექციის საშუალებები და ა.შ. 4%-მა ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებში, სხვა პრობლემები კი დაასახელა 2%-მა.
კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.