Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალ ფორმულას სთავაზობს


კომიტეტის ათმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადეს.

პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს.

კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრება, რომლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.

პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლისათვის. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 - 2025 წლისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება.

კანონის პროექტით ასევე იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026

წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.

თითქმის 15 წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ფინანსდება.

პარლამენტმა ნოემბრის თვეში დაამტკიცა პროექტი, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების აღნიშნული წესი უქმდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად დაფინანსდეს - კერძოდ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში, არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული პროექტის განხილვის შეჩერება და დაფინანსების წესზე კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...