Jump to content
Planeta.Ge

ფულის გათეთრების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ორ უცხოელს წარუდგინა


გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი წარუდგინა ვიეტნამის მოქალაქეს და მის თანამზრახველს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 9 დეკემბერს გაავრცელა.

უწყების ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ თანამზრახველთან ერთად საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად განათავსეს უკანონო წარმომავლობის თანხები, შემდეგ კი თანხა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დააბანდეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იყიდეს ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში — ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში მიწის ნაკვეთი.

“ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს”, — განმარტებულია უწყების განცხადებაში.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...