Jump to content
Planeta.Ge

“შენი ხმა ევროკავშირს” — თბილისში EU-ს წევრობის სტატუსისადმი მიძღვნილი მარში იმართება


თბილისში ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს, რომელშიც ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.

მარშის მონაწილეები 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მიდიან ევროპის მოედნისკენ, სადაც გაიშლება ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა.

მარშის ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა.

მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. კერძოდ, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს:

„ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.

შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“, — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...