Jump to content
Planeta.Ge

გახარიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან „წასვლის“ მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება იყო


„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც თანამდებობა დატოვა.

7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი გადადგომის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო, რეალური უთანხმოება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლაზე დარღვეულ შეთანხმებას უკავშირდებოდა:

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ მელია დასაკავებელი იყო. საჭირო იყო ფორმის სწორი ამორჩევა იმისთვის, რომ შემდგომ ოცნება არ ჩამდგარიყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მელიასთვის ამნისტია გამოეცხადებინათ, თუ რა ფორმითაც გამოუშვეს, აღარ მახსოვს ეს დეტალები. თუმცა ეს არ იყო მთავარი.

მთავარი მიზეზი იყო, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან და, შესაბამისად, ეს იყო გარკვეული შეთანხმება ჩემსა და მას შორის, ეს იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც მან ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას განუცხადა. სულ რამდენიმე კვირაში ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო არა პოლიტიკიდან წასასვლელად, არამედ პოლიტიკაში დასარჩენად.

აბსოლუტურად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ძალაუფლების შემდგომი კიდევ უფრო კონსოლიდირება მომხდარიყო და, საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ძალაუფლების დათმობას უკვე აღარავინ აპირებდა და ჩრდილიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ძალაუფლების შემდგომი შენარჩუნება“ ,— აცხადებს გახარია.

პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ის როლიც, რომელიც ამ ვითარებაში უნდა შეესრულებინა, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლების ცვალებადობა უკიდურესად მნიშვნელოვანია განვითარებად დემოკრატიებში და აცხადებს, რომ ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია:

„რა თქმა უნდა, მე აქ ჩემი როლი მქონდა, როგორც ჩანს, ვიღაცამ განსაზღვრა, რომ ამ მიზნის მისაღწევად გახარია თავის როლს შეასრულებს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მენეჯერის, რომელიც შეძლებს შემდგომ ამ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ვთვლი, რომ მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საქართველოს მოქალაქე, პატივს არ სცემს მის არჩევანს…

საერთოდ ვთვლი, რომ ხელისუფლების ცვალებადობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, განვითარებად დემოკრატიებში. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა. როგორც კი პირველი საბაბი გამოჩნდა, რომელმაც დაადასტურა ზუსტად ის, რაც ვისაუბრე, მე გადავდექი. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ჩემთვის სახელმწიფოს მსახურება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და ვერასოდეს ვერ იქნება როლი ჩრდილში მყოფი ადამიანის ინტერესების დაკმაყოფილება იმიტომ, რომ აქ არჩევანი ნათელია“ ,— ამბობს გიორგი გახარია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად არ წასულა და ქვეყნის მართვას ბნელი ოთახიდან აგრძელებს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე:

„გადავდექი მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი რეიტინგი მქონდა და ისე მარტივად გავაკეთე ეს, კითხვის ნიშანიც არ არსებობდა. თუმცა დილით სამსახურში რომ მივედი, წარმოდგენა არ მქონდა, რომ საღამოს გადავდგებოდი. ეს არ იყო დაგეგმილი. შეთანხმება დაირღვა, ნათელი გახდა ამ დღის განმავლობაში. მე ამ სკამს ან კაბინეტს არასოდეს ვყოფილვარ ჩაჭიდებული. ჩემთვის მთავარი იყო შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვქონდა. ის ვითომ წავიდა და ამ ბნელი ოთახიდან აგრძელებდა ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე“, — აცხადებს გიორგი გახარია.


გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ 2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა. ერთი დღით ადრე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პარტიის ცენტრალურ ოფისში გამაგრდა და პოლიციისთვის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ, ნიკა მელია სპეცდანიშნულების რაზმმა გახარიას გადადგომის შემდეგ მაინც დააკავა პარტიის ოფისში.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...