Jump to content
Planeta.Ge

გეგა გეგეშიძე - რამდენი ვინმე იჭორავებს, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა? - სცემეს კურტანიძეს, აგინეს? - ვიღაცას სჭირდებოდა და ჭორებს აყვნენ


როგორ წარმოგიდგენიათ ელდარ (ლუკა) კურტანიძის გაგდება? თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აყვნენ,- ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას გამოეხმაურა რის მიხედვითაც, მას საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.

გეგეშიძის განცხადებით, მას ლუკა კურტანიძისთვის „გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს“.

„როგორ წარმოგიდგენიათ ლუკა კურტანიძის გაგდება? აი, როგორ წარმოგიდგენიათ მითხარით? შეგიძლიათ გადაამოწმოთ უამრავი ადამიანი ესწრებოდა, არანაკლები მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ იქ. ერთი ადამიანი თუ დაადასტურებს მე გამარჯობის გარდა, მაგისთვის რომ რამე მეთქვას, რა ვიცი, რა გითხრათ. სპორტის კომიტეტს აინტერესებდა თუ რა მოხდა. შეეძლო უბრალოდ კითხვა დაესვა, ჩვენთან, ფედერაციასთან გაერკვია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებიც იყვნენ. თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აჰყვნენ. ვის რა ინტერესი აქვს, მე რა ვიცი", - განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას, გეგეშიძემ განაცხადა - „უკაცრავად, ახლა ჭორების გამო მე უნდა გადავდგე?“

„რამდენი ვინმე იჭორავებს, ყველა პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა იმის გამო, რომ ვიღაცას ასე უნდა? დანაშაული რა არის? სცემეს კურტანიძეს? აგინეს? შეურაცხყოფა მიაყენეს? ორჯერ დავუძახეთ მის მერე, არ მობრძანდა. ზუსტად იმ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო ყრილობაზე რა საკითხები გავიდოდა. ჰოდა, მობრძანებულიყო სხდომაზე, იქ გაიგებდა ყრილობაზე თუ რა ხდებოდა და მასაც დაესწრებოდა. მაგრამ მას სურვილი არ ჰქონია. როცა მოვიდა, რისთვისაც მოვიდა?!“- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ცნობისთვის, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.

კურტანიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.

„ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა... დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი“,- წერდა კურტანიძე.

საკითხის განხილვას ცოტა ხნის წინ, პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...