Jump to content
Planeta.Ge

ლუკა კურტანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სპორტის კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი მეძმარიაშვილსა და შოთა ხაბარელს შორის კამათი მოჰყვა


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას მოჰყვა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.

„ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით. მინდა გაგახსენო ყველას, ვინც ამ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაბმული, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, ბევრი სახეობა შედის, როგორც სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი და ფედერაციები. თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორედ, სირცხვილია, მითუმეტეს, არ არის პრობლემა, გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და ჰკითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნი.

xabareli.jpg

სამწუხაროა, რომ ასეთი ამბავი ხდება. ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს ხდებოდა... დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი, ტყუილებით ნუ კვებავთ ამ ხალხს, რაც გასარკვევია, ერთმანეთში გაარკვევენ, ამ საკითხზე საუბარი დავასრულოთ“,- აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, მან მეძმარეიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„რას ნიშნავს დაამთავრეთ და გადაამთავრეთ. კორექტულად ისაუბრეთ. თქვენ პირიქით ძაბავთ სიტუაციას ამ გამოსვლით. კორექტული იყო ფედერაციაც და ოლიმპიური კომიტეტიც. თქვენ ზუსტად ძაბავთ ვითარებას ამ თქვენი გამოსვლით“,- აღნიშნა შოთა ხაბარელმა, რის საპასუხოდაც ირაკლი მეძმარიაშვილმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მაგ სიმართლით იარეთ თქვენ“.

ხაბარელმა კი მეძმარიაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:„რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი, მაგ სიმართლით იყავი შენ...საკითხი გამოაქვს დასაძაბად, გამოდიხართ და დამშვიდებული ვითარებაზე წამოწიეთ ისეთი სიტუაცია, რომ დაძაბოთ. რომელ კაკუნზეა საუბარი?! ქალივით იწყევლები“.

ცნობისთვის, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.

კურტანიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.

„ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა... დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი“,- წერდა კურტანიძე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...