“საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს” — მეღვინეები EU-ს ელჩს მიმართავენ
საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავენ. ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ევროგაერთიანებას სთხოვენ, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.
მეღვინეთა თქმით, ათწლეულების მანძილზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”.
“ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე”, — აღნიშნავენ ისინი.
მათივე სიტყვებით, რუსული ემბარგოს შემდეგ სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა ქართული ღვინის, როგორც ბრენდის რეფორმაზე, რაც ამ პროდუქტს ევროპის ქალაქებში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა.
“ამ საქმეში კი ჩვენ გვერდით იდგნენ ღვინის ევროპელი პროფესიონალები, გავლენიანი მედია, ევროპული ორგანიზაციები და ფონდები. სწორედ მათმა მხარდაჭერამ ახალი სული შთაბერა საქართველოს მევენახეობის რეგიონებში მეღვინეობის უძველესი ტრადიციების გაცოცხლებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც მანამდე შეზღუდული ჰქონდა ფინანსებზე წვდომა, ევროპული ფონდების დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ.
ტრადიციული ღვინის შექმნაში დაოსტატებულმა არაერთმა ოჯახმა საქართველოს პატარა სოფლებიდან წარმატებით გამოიყენა ეს შესაძლებლობა და მათმა ქვევრის ღვინომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ევროპის სხვადასხვა ქალაქში არაერთი მაღალი კლასის რესტორნისა თუ სასტუმროს ღვინის ბარათში, აღიარება მოიპოვა პროფესიულ საზოგადოებაში ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე.
ასე გავაცანით მსოფლიოს ქართული ვაზის ბიომრავალფეროვნება, ღვინის რეგიონები, ქარვისფერი ღვინის უნიკალური სტილი და სპეციფიკური ტერუარები დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოდან”, — დასძენენ მეღვინეები.
განცხადების ხელმომწერთა სიტყვებით, ახლა ქართული ღვინო ახალი იდენტობის ძიებისა და განვითარების რთულ, გარდამტეხ საფეხურზე გადასვლის პროცესშია, რისთვისაც მას რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება სჭირდება.
მეღვინეები ასევე უსვამენ ხაზს მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეებისთვის ფინანსებზე თანაბარი წვდომის, ხარისხიანი განათლებისა და კოოპერაციული კულტურის გამომუშავების მნიშვნელობას.
“ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში – ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში”, — ამბობენ ისინი.
ნახეთ ხელმომწერთა ჩამონათვალი
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
მანამდე, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა იქვე არის დათქმა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე- მოლაპარაკებების გახსნაზე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.