Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს - „თქვენი ხმა ევროპას“ - ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამის ახსნა ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენთან მჭირდება


ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამედიცინო სფერო არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება.

„თქვენი ხმა ევროპას“ - ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენთან მჭირდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომლებიც კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა, ყველაზე კარგად აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპული სტანდარტები.

ევროპა არ არის მიუწვდომელი იდეალი, ალბათ, იქაც არის ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ არსებობს რაღაც მინიმალური სტანდარტები, რომელიც ყველასთვის უნდა გახდეს მინიმალური სტანდარტი. ჯანდაცვის უფლება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, არ უნდა იყოს მხოლოდ ფარატინა ქაღალდებზე დაწერილი, ეს უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში რეალობა.

ჩვენ ვიცით ევროპა კარგად. ძალიან ბევრი თქვენგანი შეიძლება სწავლობდა ევროპაში და დღესაც ძალიან ბევრი სწავლობს. ძალიან ბევრი მოღვაწეობს ევროპაში და სხვათა შორის არიან საკმაოდ წარმატებული, კარგად ცნობილი და აღიარებული, იქ სადაც მოღვაწეობენ, იმ ჰოსპიტლებში, კლინიკებში. ევროპამ ჩვენც გაგვიცნო. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ ევროპაც მოდის ჩვენკენ გარკვეულწილად. ჩვენი მიღწევა კოვიდთან ბრძოლასა და გამკლავებაში იყო შემჩნეული. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო კოვიდის გამოწვევას და ამას უნდა ვუმადლოდეთ იმ წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც მართეს კოვიდ პანდემია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ შევძელით ეს და ამით დავიმსახურეთ ერთგვარი პატივისცემა სხვადასხვა ევროპულ სფეროებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი იქნება საქართველო.

„ჯანდაცვაში არ შეიძლება, რომ საქართველო, მედეას ქვეყანა ბოლოს და ბოლოს, იყოს რომელიმე დარგში ჩამორჩენილი და პირიქით, არ იყოს წამყვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ხელშეწყობა აქვთ ჩვენს ექიმებს, ყველგან ყველა ქვეყანაში, ამერიკაში თუ ევროპაში აქვთ ძალიან დიდი წარმატებები. თქვენც აქ წარმატებულები ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი შეიძლება იყოთ და რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ამ ქვეყანაში, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...