ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი დასრულდა (ფოტო)
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2-3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტითა და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და სხვადასხვა გათამაშება დახვდათ. დამთვალიერებლებმა ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენაც იხილეს.
ფესტივალზე კონდიტერმა ვაჟა წულუკიძემ შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასი ჩაატარა. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართა. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი აფორმებდა. ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართა. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩეოდა. მასში მონაწილეობას 30-მდე კომპანია იღებდა, მათ შორის იყვნენ დამწყები მეწარმეები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.