სალომე ზურაბიშვილი - რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები - ქართველი არალეგალები უნდა მოვამზადოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა საფრთხე არ არის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ამისთვის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს პარტნიორ ქვეყნებთან.
პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ.
„დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა, სულ მაწუხებდა ეს იმიტომ, რომ იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს თუ რამდენად არასერიოზული ასახვაა შედეგებზე იმისა თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრების გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი არ კეთდება, არც ერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება“. ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და ვარ მოხარული, რომ იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს, რომ თემა არის აქტუალური. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი მით უმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის ამ პროცესში საქართველოსთვის დახმარების გასაწევად.
„ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, რომ ამაში დაგვეხმაროს იმისთვის რომ გაიხსნას უსაფრთხო ასეთი უბნები ამ ქვეყნებში. მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ რაღაცა საფრთხე შეექმნებათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე, მაგალითად, საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალჟირელები მონაწილეობენ ძალიან დიდი რაოდენობით, იმდენად, რომ ალჟირელის არჩევნები წყდება საფრანგეთიდან და რიგები არის მათ საელჩოებთან და საარჩევნო უბნებთან, მაგრამ იქ არანაირი პოლიციის ჩარევა არ არსებობს. ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარ შეთანხმებები და გარანტიები, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამაში არ არის საფრთხე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.