Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ელჩი - ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული - გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ


ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა. ეს მონუმენტური ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წარსულში ევროკავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების მაგალითს, ეს ყოველთვის ასე იყო. ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია.

„როგორც თქვენ ნახეთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის გაცემის დროს ცხრა ნაბიჯი დაადგინა. იმედია, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები აღნიშნულ ცხრა ნაბიჯს დაადასტურებენ. ძალიან მიხარია, რომ მთავრობას ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. არის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, სხვები ახალია, როგორიცაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა, საქართველოს ევროკავშირთან მორგება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ მათ განხორციელებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კომენტარი დეოლიგარქიზაციის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ იგი კონკრეტულ პიროვნებებს არ ეხება.

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ნიშნავს და იმას, რომ მდიდარმა ბიზნესმენებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზედმეტი გავლენა არ იქონიონ. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან, ევროპული თვალსაზრისით, ეს არ ეხება სახელებს, არამედ, ეს არის სისტემა და გარემო, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის არის ხელსაყრელი“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...