ბექა ლილუაშვილი - ახლა საზოგადოება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალებას“ აკვირდება, თითქოს ყველაზე პროევროპულები გახდნენ, მაგრამ ისინი ქმნიან ილუზიას
ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, ან ამას გააკეთებენ და ქვეყანას დააბრუნებენ დემოკრატიული მმართველობის ჩარჩოში, რაც ნიშნავს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების შედეგად შენარჩუნებულ ძალაუფლებას, ან მათ მოუწევთ ამ საზოგადოების უზარმაზარი მობილიზების საფუძველზე და შედეგად ამ ძალაუფლების დათმობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ქართული საზოგადოება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალებას“ აკვირდება, თუმცა, ლილუაშვილის შეფასებით, ეს არის პოლიტიკური ილუზია, რადგან მმართველი ძალა, არასდროს შეასრულებს რეკომენდაციას შინაარსობრივად და საკუთარ თავს „პოლიტიკურ ჰარაკირს“ არ გაუკეთებს.
„მე მგონი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამჩნევენ „ოცნებისა“ და მათი წარმომადგენლების „ფერისცვალებას“. თითქოს ყველაზე პროევროპულები გახდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები იმ ფონზე, როდესაც გვახსოვს მათი განცხადებები, მათი ნაბიჯები, თითქოს ვინმემ დააძალა და შეცდომით შეავსებინა კანდიდატის სტატუსზე განაცხადი, შემდეგ გვახსოვს მათი პოზიცია საერთაშორისო სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით, შემდეგ გვახსოვს რუსული კანონი, ხალხის ძალის გამოყოფა საპარლამენტო წიაღიდან. ისინი ქმნიან ილუზიას ქართული საზოგადოებისთვის. მათ სცადეს შეექმნა საზოგადოებაში აღქმები და განცდები, რომ ამ ქვეყანას აქვს რამე სხვა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და განვითარების შესაძლებლობა, გარდა დასავლეთისა. ვერ მოახერხეს, საზოგადოება არის ძალიან პროდასავლური, საზოგადოება ბევრად უფრო პროდასავლურია, ვიდრე ხელისუფლება. არჩევნები მოდის, ამხელა შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ახლა იმ დიდი მიღწევის პოლიტიკური დივიდენდები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა ხალხს მიანიჭა, მთლიანად წამოიღონ და აჩვენონ წინასაარჩევნოდ ხალხს, რომ ისინი მართლაც პროდასავლურები არიან და ასრულებენ რეკომენდაციებს. როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამ რეკომენდაციებს მართლა შინაარსობრივად შეასრულებს და თვითონ პოლიტიკურ ჰარაკირს გაიკეთებს და გამოიცლის იმ ბერკეტებს, რა ბერკეტებითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს? ხომ ბუნებრივია, რომ ეს არ არის თავსებადი რეალობასთან!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ იმისთვის ჩაერთვება რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რომ „ქართულ ოცნებას“ ილუზიის შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს.
„ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს არ დგამდა რეკომენდაციებთან დაკავშირებით - 3 პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად წონადი რეკომენდაცია შეასრულეს, 9 - არ შეუსრულებია. ახლაც იმავე პროცესის განმეორებას აპირებს ხელისუფლება ილუზიის შექმნის გზით და ჩვენ მათივე მოედანზე ამ ილუზიის შექმნის შესაძლებლობას არ მივცემთ.
მე იმედი მაქვს, რომ როგორც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ქმედებებს ახორციელებდა, ასევე ხელისუფლება რომელიც ასევე რადიკალურ ქმედებებს ახორციელებდა, მოეგება გონს!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.