მიხეილ დაუშვილი - ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული
ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში - ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული, არსებობს სხვა გზებიც, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, დაუშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ არჩევნების გარდა, ემიგრანტების მონაწილეობის უზრუნველყოფა დამატებით საარჩევნო უბნების გახსნითაც იქნება შესაძლებელი.
„ელექტრონულ ონლაინ არჩევნებს აქვს თავის რისკები. ამ ტიპის არჩევნების ჩატარებას ჩვენც ვუჭერთ მხარს, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობა არის მანდ, რომ ტექნიკური უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე უნდა იქნას დაცული და არ არსებობდეს იმის რისკები, რომ რუსეთს შეეძლოს ჰაკერული თუ სხვა მექანიზმებით ამ არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ჩვენ ამ საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ვაყენებდით და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი მიდგომა, ოღონდ იმ დაშვებით, რომ ეს არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს და ამომრჩევლის ხმები იქნას დაცული. არსებობს სხვა გზებიც, რაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ესაა დამატებით უბნების გახსნა, ათობით ან ასობით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, ქალაქებში, სადაც ჩვენი ემიგრანტების მაღალი კონცენტრაციაა. რა თქმა უნდა, სრულად მხარს ვუჭერთ იმ საკითხს, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გადაწყვიტონ, როგორი ხელისუფლება სურთ ჰყავდეთ“, - განაცხადა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.