Jump to content
Planeta.Ge

პროკურატურამ ცოლის და 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს ბრალი წარუდგინა


პროკურატურამ ცოლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე კაცს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ ცოლს, ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა.

ამას გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ, რის  გამოც, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მათ მოკვლის მიზნით, მანქანით, დიდი სიჩქარით დაეჯახა.

ბრალდებულის ცოლმა გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

ამის შემდეგ ბრალდებული ცოლს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა ვერ აღასრულა.

სამართალდამცველებმა კაცი შემთხვევის ადგილზე  დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...