14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა
ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს, ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა. თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს.
„ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ადრეული ქორწინების მსხვერპლი, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თვლიდა, რომ აითაჯმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და, როგორც ქალს, არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება. ბრალდებულმა კაცმა 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
14 წლის აითაჯის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე – მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.