სალომე ზურაბიშვილი - ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ - ეს არის კამპანია თქვენი და ჩვენი მომავლისთვის
ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.
„ხელმოწერების ეს კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას” ჩვენი სურვილისა და ნების გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც მისი მომავალია. კამპანია არის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ხმა გაუგზავნოს ევროპას და უთხრას, რომ ჩვენ გვინდა ევროპა! ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის თითოეული მოქალაქის განაცხადი და პირველ რიგში, ახალგაზრდების, რადგან ეს არის ის სივრცე სადაც შეხვალთ, იცხოვრებთ და რომელიც ნამდვილად შეცვლის და გააძლიერებს თქვენს ყოფას, გააძლიერებს საქართველოს იდენტობას, საქართველოს კულტურას, მიცემს ამ კულტურას მეტ გაშლას, მეტ საშუალებას, რომ სხვებმაც გაიცნონ, ამიტომ ეს არის ერთად - ევროპა და საქართველო, სწორედ ის ორი დროშა, რაც დღეს აქ გვაქვს და რითაც ვამაყობთ.
ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხარ და ამ კამპანიაში იღებთ მონაწილეობას. ეს არის თქვენი კამპანია, კიდევ ერთხელ აქ უნდა ხაზი გავუსვა რომ ეს არ არის ჩემი კამპანია, დაწყებულია ჩემ მიერ და გადმოგეცით თქვენ და ეს არის თქვენი კამპანია, ასე რომ, აქ არანაირი სხვა, პოლიტიკური დატვირთვა მას არ გააჩნია. ეს ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კამპანიაა ჩვენი მომავლისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესეც ევროპული საკითხია და ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში, ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ნამდვილად, არა მხოლოდ ევროპული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის: ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის ამ ყველაფრის დავიწყება და გაუცხოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.