Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი კანონი რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით პროცედურების დიდი გამარტივება, არც არაფერი [გამარტივებულა]. ჩვენი თანამემამულეების მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მით უმეტეს, ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებული, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდეს, საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ – ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს მხედველობაში. მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ, შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უნდა მიენიჭოს.

„ასევე, მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტირიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც, მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა.

მე ამ ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტოო ცვლილებები. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი ცვლილებები, არსებითი ცვლილებები მიყვანილი იყოს ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანონ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების კუთხით პროცედურებს გაამარტივებს.


პარლამენტმა პირველ ნოემბერს მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მთავრობის განცხადებით, მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.

ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.

დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.  ახალი კანონით, წარუმატებლობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მსურველ პირს უფლება ექნება, შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.

თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა მცირდება 6 თვემდე.




  • ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...