რაჭის პროტესტის მონაწილეებს მხარდასაჭერად თბილისში ჭიათურელი მაღაროელები ჩამოვიდნენ
რაჭის პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი რაჭის ტყეებზე ლიცენზიის კერძო პირისთვის გაცემის მოწინააღმდეგეების პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეუერთდნენ.
ტარიელ მიქაცაძის თქმით, თბილისში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, თუ როგორ დააკავეს რაჭის პროტესტის მონაწილეები.
“ჩვენ, პროტესტის პირველივე დღიდან, მხარში გედექით და პირობას გაძლევთ, ასე იქნება, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. ეს არ იქნება ცარიელი სიტყვები. წუხანდელი ლაივი და ვიდეოჩანაწერები ემოციურად ძალიან დატვირთული იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვისაც.
ვფიქრობდით, რომ იმ წუთშივე წამოვსულიყავით აქ, მაგრამ რაღაცნაირად თავი შევიკავეთ და დღეს ჩამოვედით, დილით. ეს იყო ჩვენი დაუგეგმავი ჩამოსვლა. სიტუაციამ მოიტანა ასე. ეს საჭიროება დადგა მოულოდნელად, მაგრამ ჩვენც აქ ჩამოვალთ ძალიან ბევრი, დაგეგმილად, ხვალ, ზეგ და აქ ვიქნებით მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს” – ასე მიმართა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ სამინისტროსთან შეკრებილებს.
პროტესტის ერთ-ერთი ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა მადლობა გადაუხადა მაღაროელებს და სხვებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
“დღეს ასე არაფერი გამხარებია – ჩვენი ჭიათურელი მეგობრები ჩამოვიდნენ ჩვენთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ მათი მხარდაჭერის და იმათაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი იმედი აქვთ […] მოუწოდებთ ყველას ვინც უფრო ახლოს ხართ – დიდი ქალაქია [თბილისი], მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მილიონ-ნახევარი მაინც, ხომ?! – გაცილებით მეტი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა მუსელიანმა.
აქციას შეუერთდა მეტროს მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი “ერთობა 2013”. პროფკავშირის წევრის, რობერტ მარგიშვილის თქმით, თუ ახლა გაჩერდებიან, ამგვარი პროცესი, შესაძლოა, საქართველო სხვა რეგიონებშიც დაიწყოს.
“აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი ორგანიზაციის ყველა წევრის სახელით თანადგომა, თანაგრძნობა [გამოგიცხადოთ] და დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის, როგორც მუშა კაცისთვის, თქვენი ბრძოლა ძალიან ძვირფასია.
ახლ დაიწყო რაჭის ტყეების გადარჩენა. საქართველოს კუთხეს ვერ მეტყვით, რომ ტყე არ იყოს, მდინარე არ იყოს … ეს მოგვიწევს [სხვაგანაც], თუ დღევანდელი დღე გაგვიბაიბურეს. იმიტომ, რომ ეს არის საცდელი პროტესტი – როგორ გაიყიდება რაჭის ტყეები, როგორ გადაეცემა თუ კონტრაქტით მიეცემა ვიღაცას. მერე კახეთის, გურიის, აჭარის და მთელი საქართველოს დაიწყება … ტყე დაგვრჩება ეკლიანი მავთულის იქით საცქერალი”, – განაცხადა მარგიშვილმა.
რაჭის პროტესტის მონაწილეებს უკვე ახალი მოთხოვნა აქვთ – დაკავებულების გათავისუფლება. ამ მოთხოვნით დღეს, 19 ნოემბერს, 17:00 საათზე აქციები გაიმართება თბილისსა (გარემოს დაცვის სამინისტროსთან) და ქუთაისში (ცენტრალური მოედანი).
გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დემონსტრანტები, რომელბც რაჭის ტყეებით სარგებლობის უფლების კერძო პირისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ, დაკავეს. დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ამავე მოძრაობის წევრები – გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე.”მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი, საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია და სხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დაკავებულია ჯამში 11 მოქალაქე.
ვარლამ გოლეთიანის ინტერესებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” იურისტი, მარიამ ღონღაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, გოლეთიანი ამ ეტაპზე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა იურისტი განმარტავს, რომ მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
დაკავებას წინ უძღოდა დაძაბულობა, რაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეთა არშეშვებას და კარვის გაშლის უფლების არმიცემას. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ დაუზიანა რაჭიდან ჩამოტანილი დიდი კარავი და მისი ნაწილები წაართვა. სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლის ის ალტერნატივა კი, რაც შესთავაზეს პროტესტის მონაწილეებს, ამ უკანასკნელთა შეფასებით, ვიწრო, ციცაბო, ტალახიანი შესაძრომია. როგორც მათდამი დამამცირებელ მოპყრობაზე, პროტესტის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს და ცენტრალური შესასვლელიდან გადაადგილების უფლება მოითხოვეს.
11 პირის დაკავების შემდეგ, როცა გამოირიცხა სამინისტროს ეზოში კარვის გაშლაც, შესასვლელთან ახლოს მცირე კარვის გაშლის უფლებაც შეხლა-შემოხლის ფონზე მოიპოვეს პროტესტის მონაწილე ქალებმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.