Red Wings-მა თბილისში ფრენები ჩელიაბინსკიდანაც დაიწყო - კიდევ რომელ რეისებს შეასრულებს რუსული ავიაკომპანია უახლოეს დღეებში
რუსულმა Red Wings Airlines-მა თბილისის მიმართულებით რეისი სამხრეთ ურალის ქალაქ ჩელიაბინსკიდან შეასრულა. ფრენები 15 ნოემბერს დაიწყო. ინფორმაციას ჩელიაბინსკის აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩელიაბინსკის ი.ვ. კურჩატოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი მოსკოვის დროით 14:20 სთ-ზე შესრულდა.
ფრენები Sukhoi SuperJet-მოდელის 100-ადგილიანი თვითმფრინავით ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი ერთ მგზავრზე 10230-დან 15699 რუბლამდე (115-დან 177 დოლარამდე) ვარირებს.
ჩელიაბინსკის ი.ვ. კურჩატოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი სამხრეთ ურალში ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებზე ყველაზე დიდი სატრანზიტო ჰაბია.
ცნობისთვის: Red Wings Airlines საქართველოს რეისებზე რუსულ ქალაქებს თავის სიაში, თითქმის, ყოველდღიურად ამატებს. მაგალითად, დღეიდან ავიაკომპანია მოსკოვის დროით 14:40 საათზე თბილისის მიმართულებით ფრენას სამარიდანაც იწყებს და რეისები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი 10230-დან 13170 რუბლამდე (115-დან 148 დოლარამდე) ვარირებს. ფრენა კურუმოჩის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება, რომელსაც კომპანია „რეგიონების აეროპორტები” მართავს და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია. 2022 წელს კურუმოჩში მგზავრთა ნაკადმა 2,9 მილიონი ადამიანი შეადგინა.
ხვალ, 17 ნოემბერს Red Wings Airlines თბილისის მიმართულებით მოსკოვის დროით 04:40 სთ-ზე ყაზანიდანაც გამოფრინდება. ბილეთის ფასი ამ თვეში 10230-დან 15509 რუბლამდე (115-დან 175 დოლარამდე) ვარირებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეისები ყოველ ორშაბათს, პარასკევსა და კვირას არის ჩანიშნული. Red Wings ყაზანიდან ფრენებს 3 დეკემბრიდან ქუთაისის მიმართულებითაც იწყებს, რომელიც კვირაში ორჯერ შესრულდება. თათრეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ხელმძღვანელი, რამილ მიფტახოვი მომავალი ზაფხულისთვის ყაზანიდან ფრენების დაწყებას, თანაც, კვირაში 3-4 რეისით, ბათუმის მიმართულებითაც ითხოვს.
კიდევ ერთი ქალაქი, საიდანაც რუსული Red Wings Airlines-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით იფრენს, სანკტ-პეტერბურგია. პულკოვოს აეროპორტიდან ფრენები 18 ნოემბრიდან დაიწყება. თბილისის მიმართულებით რეისი კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება, ხოლო ქუთაისის მიმართულებით ფრენები 2 დეკემბრიდან, ასევე, კვირაში ერთხელ, შაბათობით დაიწყება. თბილისის რეისზე ბილეთის ფასი, საშუალოდ, 19 700 რუბლიდან (დაახლოებით 210 დოლარიდან) იწყება, ხოლო სანკტ-პეტერბურგი-ქუთაისის რეისებზე მინიმალური ფასი 13 000 რუბლი (დაახლოებით, 140 დოლარი) იქნება. თუმცა შემდგომ დღეებში ფრენის ღირებულება 32 000 რუბლამდე (დაახლოებით, 342 დოლარამდე) იზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
bpn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.