პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი - რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ამ მიმართულებით დაკორექტირდა
პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით დაკორექტირდა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილავს.
როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდება.
დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.
როგორც ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განმარტა, კანონით დადგენილი კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღართან მიახლოება 85%-ით ხდება.
რეგლამენტის პროექტის შეცვლილი ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრის გასამრჯელო შესაბამისი წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება. პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრება:
პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8;
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2;
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0.
პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იზრდება.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, დეპუტატების გასამრჯელო შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე – 9 500 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე – 8 750 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8 500 ლარი;
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი;
გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.