ბექა ლილუაშვილი - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდა იმისა, რომ მივხვდი, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის მოხდა ამ ნაბიჯის წინსწრებით გადადგმა
ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდა იმისა, რომ მივხვდი, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის მოხდა ამ ნაბიჯის წინსწრებით გადადგმა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას.
ლილუაშვილის განმარტებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ემსახურება მიზანს, რომ შეიქმნას ალტერნატივა, თითქოს დასავლეთის გარდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველმყოფი შეიძლება ვინმე იყოს.
„2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, სამ თვეში რუსეთი და ჩინეთი აფორმებენ გარკვეული სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია და გახარიას ხელმოწერილია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ამას ვერავინ გვასწავლის ჩვენ, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკურად შექმნა ალტერნატივა, თითქოს დასავლეთის გარდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველმყოფი შეიძლება ვინმე იყოს და ამ პარტიულ მიზანს, მავნებლობას რომ ემსახურება ეს ქმედებები, ამაშია პრობლემა. ფუნქცია რა იყო, რა ბენეფიტი მოიტანა ამ სტრატეგიულმა შეთანხმებამ? - იმიტომ, რომ შეთანხმების ტექსტში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდა იმისა, რომ მივხვდი ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის ხდება ამ ნაბიჯის წინსწრებით გადატანა. შემდეგ რომ იტყვის საზოგადოება, რომ ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო სტრატეგიული ბმის ელემენტი საქართველოს ევროპასთან ან ამერიკასთან და რომ იკითხავს, რომ რატომ გახდა ჩინეთთან, გამოვა ხელისუფლება და იტყვის, რომ „ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია - მას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, რომ დაგვიცვას?!“ როგორ დაგიცავს, რუსეთთან სამხედრო სფეროში ხელშეკრულება და პარტნიორული თანამშრომლობა აქვს შენს ოკუპანტ ქვეყანასთან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
„სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“, - განაცხადა რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ელჩი ამბობს, რომ როცა საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, მისი რჩევა იქნება, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.